როგორ "გაყალბდა" ექსპერტიზის დასკვნები - სკანდალური ინტერვიუ

30.05.26 21:39
როგორ "გაყალბდა" ექსპერტიზის დასკვნები -  სკანდალური ინტერვიუ

"ჩემს თავს დავდებ, გილიოტინაზე ავალ და ვამტკიცებ, რომ ორი დასკვნა ბიუროში გაყალბდა"- ქვეყნის მთავარ, სახელმწიფო საექსპერტო ბიუროს, რომლის დასკვნებსაც სასამართლო და სახელმწიფო უპირობოდ ენდობა, ექსპერტიზის გაყალბებაში ამხელენ. სამხარაულის ექსპერტიზის სამსახურის ყოფილი ექსპერტი, ნინი კობალაძე ამტკიცებს, რომ უწყების მაღალჩინოსნები ლაბორატორიული ხელსაწყოების მონაცემებს ხელით ცვლიან, რათა სიყალბე ოფიციალურ დოკუმენტად აქციონ. 

  • სპეციალისტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურო დასკვნებს აყალბებდა, სამსახურიდან გაუშვეს.

ექსპერტიზის დასკვნები, შიდა მიმოწერები და ლაბორატორიული ხელსაწყოების მეხსიერებიდან ამოღებული მონაცემები - ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ექსპერტი ამბობს, რომ ხელთ აქვს ყველა მტკიცებულება, რაც, მისი თქმით, უწყებას მძიმე დანაშაულში ამხელს. 

მისი თქმით, საქმე ორ საექსპერტო დასკვნას ეხება:  უხარისხო სალიანდაგო საცხს, რომელზეც მატარებლების უსაფრთხო გადაადგილება იყო დამოკიდებული და  მაღალი გოგირდის შემცველობის დიზელს, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მაღალჩინოსნების მეშვეობით, ბაზარზე მაინც მოხვდა.

  • ნინო კობალაძე ჰყვება, რომ 2024 წლის 16 ივლისს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდული მატარებლის სალიანდაგო საცხის შემოწმება დაავალა. ადგილზე ნიმუშის ასაღებად მისულმა კი საცხი გარეგანი დათვალიერებისთანავე დაიწუნა. კობალაძის თქმით, ოთხივე კასრში, რომელიც სინჯის ასაღებად გაიხსნა, მოთავსებული იყო არაერთგვაროვანი შეფერილობის არასტაბილური საცხები, რომლებიც ჰაერთან ურთიერთქმედებისთანავე იჟანგებოდა. ექსპერტის განმარტებით, ეს ნიშნავდა, რომ მასალა არ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმებს და რკინიგზის მიერ მისი გამოყენება საფრთხის შემცველი იქნებოდა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

კობალაძე ამტკიცებს, რომ უარყოფითი დასკვნა შეიცვალა მაშინვე, რაც კომპანიამ ექსპერტის დასკვნა გაასაჩივრა. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სასწრაფოდ დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც უკვე სხვა თანამშრომელს ჩატარებინეს. ახალ დოკუმენტში უწყებამ ოფიციალურად დაწერა, რომ საცხი, რომელიც კომპანიამ ყაზახეთიდან შემოიტანა და საქართველოს რკინიგზას მიაწოდა, სტანდარტს სრულად აკმაყოფილებდა.

ექსპერტი დასკვნების შესაძლო გამოძიების დაწყებას ითხოვდა, თუმცა მისივე განცხადებით, პროცესი ჭიანურდებოდა - პოსტიდან მოხსნის წინ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ყოფილმა უფროსმა მასალები პროკურატურაში გადაგზავნა, თუმცა გამოძიებას ჯერ არაფერი დაუდგენია.

რკინიგზისთვის შეძენილი საპოხი მასალის შესახებ დაწერილი დასკვნის ნამდვილობა ერთადერთი არ არის, რომლის დადგენასაც ახლა პროკურატურა ცდილობს. გამომძიებლები იკვლევენ, გააყალბეს თუ არა ბაზარზე შემოტანილი ნავთობპროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული დასკვნაც.

  • ბიუროს ყოფილი ექსპერტი ამტკიცებს და ჩივის, რომ ნავთობ პროდუქტების სამმართველოს უფროსმა თეო ხუწუამ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილმა და ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა პაატარ თუშურაშვილმა ნავთობ კომპანიის სასარგებლოდ შეცვალეს დასკვნა, რომელიც დიზელის საწვავში გოგირდის მაღალ შემცველობას ადასტურებდა.

ქალი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 18 წლის განმავლობაში ექსპერტად მუშაობდა,  ამბობს, რომ სასურველი ციფრების მისაღებად ლაბორატორიულ ხელსაწყოში მონაცემები ხელით, შეჰყავდათ.

როგორ ყალბდება ექსპერტიზის დასკვნები - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი