პსჟ-ს გამარჯვების აღნიშვნა პარიზში პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეტაკებებით დასრულდა
ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების აღნიშვნა პარიზში სამართალდამცველებსა და გულშემატკივრებს შორის შეტაკებებით დასრულდა. ქალაქის ქუჩებში გამოსული ათასობით მხარდამჭერის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „პსჟ“-ს გულშემატკივრებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა ესროლეს. არეულობის დროს დაზიანდა ექვსი ავტომობილი და ორი კომერციული ობიექტი.
გავრცელებული ცნობებით, დაშავებულია სულ მცირე ერთი პოლიციელი. მხოლოდ პარიზში სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.
პარიზის ქუჩებში დაძაბულობა „პსჟ“-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის“ დამარცხებას მოჰყვა, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა.