თელავში ორი მოზარდი კვადროციკლით კედელს შეეჯახა - 8 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზეა
თელავში, კვადროციკლით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა - ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისივე თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს შეეჯახნენ.
გამოცემის ცნობით, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავისა და ყბა-სახის არეში მძიმე ტრამვა მიიღო. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით,მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება.
მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება გოგონას, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ალაზნის გამზირზე მოხდა.