PHR: სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, პაციენტის უფლებების დარღვევისთვის, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

15.06.26 14:35
PHR: სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, პაციენტის უფლებების დარღვევისთვის, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, პაციენტის უფლებების დარღვევისთვის, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ განცხადებას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ავრცელებს. 

PHR-ის ცნობით, საქმე ეხებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ახალგაზრდა ქალის უფლებების მძიმე დარღვევას.

სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ა.ტ. კლინიკაში ნებაყოფლობით იმყოფებოდა, მას არ მიეცა დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა. მის მიმართ გამოყენებულ იქნა ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ა.ტ.-ს სარჩელი და მის სასარგებლოდ შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს" 10,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

საქმე ეხებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ახალგაზრდა ქალის უფლებების მძიმე დარღვევას. სასამართლომ შეაფასა გარემოებები, რომლებიც უკავშირდებოდა პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიების (ფიქსაციის) გამოყენებას, მისი თავისუფლების შეზღუდვასა და ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასათანადო რეაგირებას.

მიუხედავად იმისა, რომ ა.ტ. კლინიკაში ნებაყოფლობით იმყოფებოდა, მას არ მიეცა დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა. მის მიმართ გამოყენებულ იქნა ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიება (ფიქსაცია), რომლის კანონიერება დავის ერთერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა.

ფიზიკური შეზღუდვის პერიოდში ა.ტ. ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე კლინიკის თანამშრომლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. მორალური ზიანის საქმე არ ეხებოდა მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. PHR სასამართლოს წინაშე დააყენა საკითხი თავად სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ეხება პაციენტის უსაფრთხოების, ღირსების, ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებას.

სასამართლომ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და დაადგინა, რომ პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინფორმირებული თანხმობის პატივისცემაზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებამ თავად დაარღვია ა.ტ.-ს უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულით გამოწვეული ზიანის გარდა, პაციენტს მიადგა დამატებითი მორალური ზიანი, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების განმტკიცების თვალსაზრისით. იგი შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (CRPD) მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, ღირსებისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების, სახელმწიფო უწყებებისა და პროფესიული საზოგადოებისათვის. იგი ხელს შეუწყობს პაციენტების უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერებას, ანგარიშვალდებულების სტანდარტების ამაღლებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ისეთი პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები