მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესზე - მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებული ოპოზიციონერი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" ჟურნალისტი იუწყება, მოსამართლემ პოლიტიკოსს შემდეგი ფრაზა არ აპატია: "მაცადეთ თქვენი ჭირიმე კითხვის დასმა".
გაძევებამდე ელისაშვილი მოწმე ექსპერტს კითხვას უსვამდა.
„ბორჯომის ხანძარი, ბავშვთა სამყარო, რომ დაიწვა, რამე შემხებლობა თუ გქონდათ, როგორც ექსპერტს“? - ჰკითხა მან მოწმეს, რაზეც ექსპერტმა უარყოფითი პასუხი გასცა.
შემდეგი კითხვის დასმისას მას მოსამართლემ უთხრა, კონკრეტული კითხვა დაესვა.
„არ მაცდით ლაპარაკს, აზრს ვაყალიბებ, შეკითხვა როგორ დავსვა, კონტექსტი თუ არ ვთქვი. ნუ მაწყვეტინებთ თქვენი ჭირიმე“, - უპასუხა მოსამართლეს ელისაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
ელისაშვილის ადვოკატმა მას ჰკითხა, თუ რის გამო გააძევა ბრალდებული სხდომიდან.
„რაც მაგან შეურაცხყოფა მომაყენა, არც ერთი ბრალდებულისგან არ მომითმენია“,- განაცხადა მოსამართლე გელაშვილმა.
ამის შემდეგ ადვოკატმა მოსამართლე ჰკითხა - „მაცადეთ კითხვის დასმა, თქვენი ჭირიმეო, რომ თქვა, ამის გამო გააძევეთ?" - განაცხადა ადვოკატმა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ „არამხოლოდ".
ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები იკითხებიან, რომლებმაც სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზები ჩაატარეს.
- ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.