გიორგი ჩახუნაშვილს ხელბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს - აკადემიკოსი ციხეში გადაჰყავთ
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ამ წუთებში ის ციხეში გადაჰყავთ.
ექიმი ჩახუნაშვილი ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყო თავისუფლებაზე.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.