მოძალადე პოლიციელების ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაზარალებულებმა ნოტარიულად დაადასტურეს, რომ პრეტენზია არ გააჩნიათ

21.06.26 13:34
მოძალადე პოლიციელების ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაზარალებულებმა ნოტარიულად დაადასტურეს, რომ პრეტენზია არ გააჩნიათ

 

 

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები შესაძლოა საპატიმროდან გათავისუფლდნენ. ამ ეჭვს შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაცია აჩენს.

გადაცემის ცნობით, ბექა კუხალაშვილის, ირაკლი კააციტაძისა და მიხეილ ჯინჭარაძის საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებულთა ადვოკატებმა დაზარალებულებისგან ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც ნაცემ ახალგაზრდებს პოლიციელების მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ.

უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულები დათმობაზე სისტემის ზეწოლის შედეგად წავიდნენ. მათი შეფასებით, საქმის განვითარებამ შესაძლოა ბრალდებული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

დაზარალებულების მხრიდან პრეტენზიების მოხსნას საეჭვოდ მიიჩნევს იურისტი ალექსანდრე ბარამიძე. მისი შეფასებით, რთულია იმის დაჯერება, რომ მძიმე ძალადობის მსხვერპლებს მოძალადეების მიმართ პრეტენზია ბუნებრივად აღარ ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, რომ მათზე გარკვეული ზეწოლა განხორციელებულიყო.

საღ აზრს ეწინააღმდეგება ის მოლოდინი, რომ თითქოს დაზარალებულმა, რომელზეც ასეთი მხეცური ძალადობა განახორციელეს, არ შეიძლება, იქონიოს რაიმე პრეტენზია მოძალადის მიმართ. იმისთვის, რომ მან არ იქონიოს "პრეტენზია", ამისთვის იგი შეიძლება, დააშინო, აიძულო ან რაიმე სხვა გზით მოახდინო მასზე ზეგავლენა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამას აქვს ადგილი და რასაკვირველია ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ საბოლოოდ, ეს პოლიციელები გაათავისუფლონ პასუხისმგებობისგან მთლიანად თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, მითუმეტეს, ისიც ვიცით, რომ ბრალდება მათთვის წარდგენილია არაადეკვატური მუხლით, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 

სისტემურ პრობლემაზე საუბრობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძეც. მისი თქმით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებში დაზარალებულებთან მსგავსი შეთანხმებების გაფორმება დაუსჯელობის განცდას აძლიერებს და სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხს კიდევ უფრო აზიანებს. 

წამების აკრძალვა არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულება საქართველოსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამას აქტიურად უნდა ებრძოლო. როდესაც არაერთი შემთხვევა გვესმის იმის შესახებ, რომ ადამიანები, ვინც წამებაში არიან შემჩნეული შემდეგ მათი გათავისუფლება ხდება გირაოთი, შემდგომ ხდება დაზარალებულებთან რაღაც ტიპის მოლაპარაკებები იმის გამო, რომ მათ არ უჩივლონ, ეს არის დიდი დაუსჯელობის სინდრომის ნაწილი. როცა ვამბობთ ჩვენ, რომ ვეყანაში არის სიტემური წამების და ძალადობის პრობლემა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ადამიანებს აქვთ განცდა,რ ომ არავინ დაისჯება, აქვთ განცდა, რომ მათზე შეიძლება ზეწოლა მოხდეს და ამიტომ მიდიან ამ ტიპის გარიგებებზე, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.