ოპოზიცია: სისტემა ძალადობის მეთოდების დასაცავად და რეჟიმის უსაფრთხოებისთვის მუშაობს
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელების შესაძლო გათავისუფლებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, დაზარალებულების მიერ პრეტენზიების მოხსნის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები საქმის ობიექტურ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და შესაძლოა, ზეწოლის ნიშნებს შეიცავდეს.
"ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობისგან დამნაშავე პოლიციელების გათავისუფლების ნაცვლად, გამოძიებამ შესაძლოა დაკავებულთა წრე კიდევ უფრო უნდა გააფართოოს.
არანორმალური მოვლენაა, როდესაც ქვეყანაში არსებობენ 19 წლის პოლიციელები და ზოგადად, საპოლიციო სისტემა ივსება კადრებით, რომლებიც არიან ქუჩიდან მოყვანილები და უბიოგრაფიო ადამიანები. ამაზრზენია ასევე ის, რომ დღეს ცდილობენ მოძალადე პოლიციელების პასუხისმგებლობის არიდებას და თუ ვინმე ვინმეს კიდევ ხელწერილებს აწერინებს, ეს კიდევ უნდა შეფასდეს უფრო მეტად ზემოქმედების მექანიზმად, რაც თავის მხრივ ასევე დანაშაულებრივი შინაარსის მატარებელია. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პოლიციელები გათავისუფლდნენ, პირიქით, უნდა გაფართოვდეს დაკავებულ პირთა წრე, - ამბობს ლანა გალდავა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ გავრცელებული კადრები სისტემურ ძალადობასა და წამებაზე მიუთითებს, ხოლო დაზარალებულების მხრიდან პრეტენზიების უარყოფა დამატებით კითხვებს აჩენს.
ის, რაც ჩვენ ვნახეთ გვარცელებულ კადრებში, ესეც არის სისტემური ძალადობის და წამების გამოვლინება. შეუძლებელია, რომ პრეტენზია ამაზე დაზარალებულს არ ჰქონდეს. ჩვენ რომ დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ და შიშის მეთოდებით არ ხდებოდეს ვეყანაში მართვა. შესაბამისად, მთელი ეს პროცესი აჩვენებს იმას, რომ მთელი სისტემა დგას ძალადობის და მეთოდების დასაცავად იმისთვის, რომ რეჟიმის უსაფრთხოება მოხდეს, - ამბობს თეონა აქუბარდია.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მომხდარს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზაციის მაგალითად აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუტები მოქალაქეების ნაცვლად "ოცნების" ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან.
საუდამოდ უნდა მივხდეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ არ გვყავს არანაირი პოლიცია, არანაირი პროკურატურა, არავითარი სასამართლო, არანაირი სპეცსამსახურები სამწუხაროდ, საქართველს გააჩნია ბიძინა ივანიშვილის და მისი დანაშაულებრივი ჯოგის პირადი უსაფრთხოების სამსახურები, სადაც შედის ეს ე.წ. პოლიციაც. დანარჩენი, ყველა არის მათი შესაძლო სავარაუდო მსხვერპლი ამით ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება არის პატიებადი, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები შესაძლოა საპატიმროდან გათავისუფლდნენ. ამ ეჭვს შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაცია აჩენს.
გადაცემის ცნობით, ბექა კუხალაშვილის, ირაკლი კააციტაძისა და მიხეილ ჯინჭარაძის საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებულთა ადვოკატებმა დაზარალებულებისგან ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც ნაცემ ახალგაზრდებს პოლიციელების მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულები დათმობაზე სისტემის ზეწოლის შედეგად წავიდნენ. მათი შეფასებით, საქმის განვითარებამ შესაძლოა ბრალდებული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.