მოწმეს ახსოვს მხოლოდ ჩემი ხელი, ცეზარი ვგონივარ ალბათ - ნიკა გვარამია
მოწმეს ახსოვს მხოლოდ ჩემი ხელი, ცეზარი ვგონივარ ალბათ - ასე ეხმაურება ოპოზიციის დევნის საქმეზე ბრალდებული ნიკა გვარამია პოლიციელ ივანე მაქაცარიას ჩვენებას, რომელმაც მისი თქმით, დღეს მხოლოდ ჟესტიკულაციებსა და მიმიკებზე მიუთითა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მოწმემ ისიც კი ვერ გაიხსენა სხდომათა დარბაზში "მისმა ფავორიტმა საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო თამაშში რა ქნა"
მოწმემ თქვა, რომ გადატრიალებას ვაპირებდი, იმიტომ, რომ ჩემი ხელი დაინახა აწეული. პირდაპირ გეუბნებით, ვციტირებ: ჩემს აწეულ ხელზე თურმე ხალხმა იხუვლა და შეუტია პარლამენტს. არვიცი ახლა ცეზარი ვგონივარ თუ ვინ ვგონივარ, მაგრამ არც სახე არ ახსოვს, არც სად ვიდექით ახსოვს, არაფერი ახსოვს, ბოლოს ვკითხე, ვის გულშემატკივრობო - საფრანგეთსო მითხრა - ბოლო თამაშში, რა ქნათქო ვკითხე და არ მახსოვსო...ჩახნსილი აქვს მეხსიერება, იცის, რომ არაფერზე არ უნდა უპასუხოს იმის გარდა, რომ ახსოვს ხელი და ხალხმა იხუვლა", - ამბობს გვარამია.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა მიის უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის დარბაზიდან გამოძევების შესახებაც და თქვა, რომ სავარაუდოდ, პროცესები იმაზე ადრე მორჩება, ვიდრე ეს გაწერილია.
გვარამიას თქმით, სწორედ ამაზე მოასწავებს ის ფაქტი, რომ ლიდერებს ერთმანეთის მიყოლებით სახაზინოადვოკატები ენიშნებათ.
ეს პროცესი მორჩება ყველას პატიმრობით და როგორც ჩანს, მორჩება უფრო მალე, ვიდრე სავარაუდოდ იყო. იცით, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა პროცესები, პლუს ამას, ყველასთვის დაინიშნა სახაზინო ადვოკატი, იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზითაც კი ვერ შეფერხდეს რომელიმე სხდომა. ის, რომ მოსამართლე ამ პროცესზე არის მესამე პროკურორი, ეს ფაქტია, ისევე როგორც ყველა პროცესზე, მაგრამ ქალბატონი თამარი ამ მხრივ გამორჩეულია. მოწმის დაკითხვისას, ყოველი მეორე კითხვა მომიხსნა დღეს მოსამართლემ.
ასევე ნახეთ:
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.