ეკა კუპატაძის შეურაცხყოფისთვის დაკავებული ანი ნასყიდაშვილის ნათესავი 3 000 ლარით დააჯარიმეს

30.06.26 16:04
ეკა კუპატაძის შეურაცხყოფისთვის დაკავებული ანი ნასყიდაშვილის ნათესავი 3 000 ლარით დააჯარიმეს

 

 

სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძის შეურაცხყოფისთვის გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ანი ნასყიდაშვილის ნათესავი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარის საფუძველზე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის განცხადებით, სასამართლომ შეისწავლა როგორც ეკა კუპატაძის მიერ მითითებული პოსტი, ისე მასზე დატოვებული კომენტარები. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი კომენტარის ავტორის, მაკა ბახტაძის გამოხმაურება შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა, რის გამოც იგი სამართალდამრღვევად ცნეს და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მაკა ბახტაძე ჩადენილ ქმედებას არ ინანიებდა და სასამართლო სხდომაზეც აგრძელებდა ეკა კუპატაძისა და მისი გარდაცვლილი შვილის შეურაცხყოფას.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე ანი ნასყიდაშვილს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასამართლომ იგი 2 ივნისს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნო.