პოლიტიკური ლიდერების საქმე - პროკურორი ამტკიცებს, რომ მოწმემ კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებით ისაუბრა

30.06.26 19:07
პოლიტიკური ლიდერების საქმე - პროკურორი ამტკიცებს, რომ მოწმემ კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებით ისაუბრა

პოლიტიკური ლიდერების საქმე - პროკურორი ამბობს, რომ ერთ-ერთმა მოწმემ მამუკა ხაზარაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს “გაეტეხათ პოლიციელები, მიწოლოდნენ სამართალდამცველებს და შესულიყვნენ პარლამენტში“.

მისივე მტკიცებით, ხაზარაძის მოწოდებები იყო იმგვარი, რომ სამართალდამცავების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების დაპირისპირება მომხდარიყო.

ერთ-ერთმა მოწმემ ისაუბრა მამუკა ხაზარაძის მოწოდებებეზე, იმასთან დაკავშირებით, რომ კონრკეტული ძალადობრივი აქცია უნდა გამხდარიყო კიდევ უფრო ძალადობრივი. კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თავადაც ნახა ეს ჩანაწერი, მათ შორის, საქმეშია მამუკა ხაზარაძის ისეთი განცხადებები წარმოდგენილი, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ხაზარაძე იმ კონკრეტულ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ არ დანებებულიყვნენ, გაეტეხათ პოლიციელები, ეს ჩანაწერები დეტალურად არსებობს. მოწმე გვესაუბრა, რომ კონკრეტულად ხაზარაძის მოწოდებები იყო იმგვარი, სამართალდამცავების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების დაპირისპირება მომხდარიყო. ეს არ არის შეფასების ნაწილი, ეს არის კონკეტული სიტყვები, მოქმედებები, რომლებზეც მოწმეები საუბრობენ, - განაცხადა პროკურორმა. 

საპირისპირო თქვა ადვოკატმა - მისი თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ ძალადობრივი მოწოდება ხაზარაძეს არ ჰქონია და არც მოქმედებებში არ იღებდა მონაწილეობას.

4 მოწმიდან მამუკას ეხებოდა ერთი, მოწმემ თავიდან თქვა ის, რაც ადრე არ ჰქონდა ნათქვამი, შემდეგ რომ შევეკითხეთ, თქვა, ამას არ ვგულისხმობდიო და ჩემ კონრკეტულ კითხვაზე, არა მარტო მამუკასთან მიმართებაში, ყველაზე ვკითხე, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობრივ მოწოდებას და ძალადობრივ ქმედებებს, ორივე შემთხვევაში თქვა არა, კატეგორიულად, დავიდა ბოლოს საუბარი მხოლოდ მიმიკებამდე, რომელიც მაგალითად, მოწმემ თქვა, რომ 200 მეტრში იყო მამუკა ჩემგანო, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკური ლიდერების პროცესი გაიმართა. დღევანდელს სხდომას 8 ბრალდებულიდან მხოლოდ ორი - ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ესწრებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დამსწრეთათვის, მათ შორის მედიისთვის დახურული იყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.