პირობას ვდებ, თუ ვერ დავინახავ საქმეში მყარ მტკიცებულებებს, მის გათავისუფლებას მოვითხოვ - როგავა სპეცრაზმელზე
ჟურნალისტ, გურამ როგავას არ სჯერა, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელი, რომელმაც მასზე თავდასხმა აღიარა, ნამდვილად არის დამნაშავე.
მისი თქმით, ბოდიში, რომელიც მან ჟურნალისტს მოუხადა, ასევე აღიარებითი ჩვენება, რომელიც საქმეში დევს, მისთვის რეალურად არაფერს ნიშნავს, თუ არ იქნება მტკიცებულებები.
მე არ ვიცი, რა გარემოებებში მისცა მან ეს ე.წ. აღიარებითი ჩენება, ეს იყო იძულებით, გარეიგებით, მე ამ კითხვებზე პასუხი უნდა ვიპოვო, სხვაგვარადა მე მის ბრალელულობაში ვერ დავრწმუნდები. ალბათ, გვიყურებს ისე ციხიდან, ან მისი ოჯახის წევრები, ახლობლები გვიყურებენ, მე მათ პირობას ვაძლევ, თუ მე, ჟურნალისტი გურამ როგავა მტკიცებულებებს ვერ მივიღებ ამ საქმეზე, არა როგორც დაზარალებული, არამედ როგორც ჟურნალისტი, ვერ დავინახავ, რომ მყარი მტკიცებულებები საქმეში არსებობს, მე მის გათავისუფლებას მოვითხოვ. არ მჭირდება ფორმალურად, ფასადურად, მსხვერპლი არსებობდეს, ვითომ გამოძიებული იყოს და დაიხუროს, საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვალის ასახვევად, რომ აი, ივანიშვილმა თქვას, რომ ამ საქმეზე გამოძიება ხომ ჩავატარე. არ მჭირდება, მე უნდა დამარწმუნოს ახლა პროკურატურამ, რომ ამ საქმეში არის მტკიცებულებები, რომელიც ამ პირის ბრალეულობას დაამტკიცებს. ადამიანურად ძალიან მეცოდება, დღეს მე მას თვალებში შევხედე, მინდოდა დამენახა, ვიზუალურად როგორ გამოიყურება და რამდენად შეესაბამება ვიდეოში ასახულ სპეცრაზმელს, მაგრამ აშკარად განსხვავებაა, - განაცხადა როგავამ.
მისი თქმით, ის არ დაიჯერებს რაღაც ზღაპარს, რომ მასზე თავდამსხმელი დასჯილია.
უნდა დაისაჯოს დამნაშვე, მაგრამ მე უნდა დავრწმუნდე, რომ ის ნამდვილად არის დამნაშვე და არა ფასადურად, - დასძინა მან.