სკოლებისა და ბაღების მშენებლობიდან მოპარული 9 მილიონის საქმე - “ლაგი კაპიტალის” ხელმძღვანელებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ
სკოლებისა და ბაღების მშენებლობიდან მოპარული ფულის საქმე - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე სასამართლომ "ლაგი კაპიტალის" 2 წარმომადგენელი დამნაშავედ ცნო - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბესიკ და ალექსანდრე ბერძენიშვილებს 10-10 წლით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
კომპანია “ლაგი კაპიტალის” ხელმძღვანელები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2025 წლის 30 სექტემბერს დააკავეს.
ბესიკ და ალექსანდრე ბერძენიშვილებს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცის ედავებოდა.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ შპს "ლაგი კაპიტალმა" მოიგო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. თუმცა საგამოძიებოს განცხადებით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
- ამასთანავე, უწყებაში აღნიშნეს, რომ არ აშენებულა ჯამში 4 სკოლა რასაც კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.
- უწყება აცხადებს, რომ გარკვეული მექანიზმის გამოყენებით, ბრალდებულები უკანონოდ დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.
"ლაგი კაპიტალი" წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანია “ლაგი კაპიტალმა“, ტენდერები მოიგო და 94 მილიონი აიღო, თუმცა არც სკოლები ააშენა და არც ბაღები.
- ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. იმ დროს როდესაც კომპანია "ლაგი კაპიტალმა" ტენდერები მოიგო, მას ირაკლი ზარქუას სიძე, [ცოლის ძმა] ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა. შემდეგ კი ამ კომპანიის გადაფორმება მოხდა.
ფოტოზე: ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის რეაბილიტაციაც „ლაგი კაპიტალს“ უნდა ჩაეტარებინა.