ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

04.07.26 15:56
ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 250 წლის წინ, ფილადელფიაში ხელმოწერილმა დეკლარაციამ მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიის დაბადებას ჩაუყარა საფუძველი. ყოველი წლის ამ დღეს მილიონობით ადამიანი ქუჩაში იკრიბება, თუმცა ექსტრემალურმა სიცხემ აშშ-ის ნაწილში 4 ივლისის საზეიმო ღონისძიებები შეაფერხა, მათ შორის, გაუქმდა აღლუმი ვაშინგტონში.

ქვეყნის დედაქალაქში "დიდი ამერიკული სახელმწიფო ბაზრობა" (The Great American State Fair) - რომელიც ქვეყნის 250 წლის იუბილეს ეძღვნებოდა - ასევე დროებით დაიხურა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანს სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, პარასკევს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და შუა დასავლეთში 165 მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა რეკორდულად მაღალი ტემპერატურის პირობებში.

მოსალოდნელია, რომ ტრამპი 4 ივლისის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით მაინც გამოვა ღია ცის ქვეშ, მიუხედავად პროგნოზირებული მაღალი ტემპერატურისა. პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დღესასწაული გარეთ აღნიშნულიყო.

"მე ძალიან გრძელ სიტყვას ვიტყვი, უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი შემიძლია", - განაცხადა ტრამპმა. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მისალოცი წერილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

 "ვულოცავ ამერიკელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაპირებების - ყველა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების - რეალიზებას" - ნათქვამია წერილში.

 

მსგავსი სიახლეები