დატბორილი ქუჩები და პარალიზებული მოძრაობა - უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქის არაერთ ქუჩაზე გზები დაიტბორა, მოძრაობა კი მნიშვნელოვნად შეფერხდა.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო დიდ დიღომში, ავჭალასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ადგილობრივების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს წყლით დაფარული გზები და ავტომობილები, რომლებიც დატბორილ მონაკვეთებში გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.
წვიმის წყალი მუნიციპალურ ტრანსპორტშიც შევიდა. მოძრაობა პარალიზებული იყო აღმაშენებლის ხეივანზეც, სადაც წაქცეულმა ხემ საავტომობილო გზა ჩაკეტა.
სოციალურ ქსელებში მოქალაქეების მიერ გადაღებული არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომელიც თბილისში გუშინ განვითარებულ მძიმე ვითარებას ასახავს.
ამ ფონზე, ოპოზიცია თბილისის მერიას ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვაში ადანაშაულებს. "ძლიერი საქართველოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქალაქში გზების რეაბილიტაციაზე მილიონები იხარჯება, სანიაღვრე სისტემები ისევ მოუწესრიგებელია.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის თბილისის ბიუჯეტის არარაციონალური, არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვა და თბილისის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ისიც, რომ ყოველდღიურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იხარჯება თბილისის გზების რეაბილიტაციაზე და მათ შორის, ბუნებრივია, სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე. როგორც კახა კალაძე, ისე თბილისის მერია აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომ უკვე როცა გაფუჭდება ყველაფერი და ჩამოინგრევა მიწა, მხოლოდ ამის შემდეგ ატარებენ უსაფრთხოების ზომებს, - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.
სანიაღვრე სისტემების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძეც.
ის ინფრასტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ სანიაღვრე სისტემა, რომელმაც წყალი უნდა გაატაროს, მისი მუშაობის პრინციპი არის ის, რომ მათ შორის უხვი ნალექის დროსაც გაატაროს წყალი. როგორ შეიძლება, რომ არასდროს და ვერასდროს უპასუხოს გამოწვევას სანიაღვრე სისტემამ? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს სისტემა როგორ მუშაობს. მისი ნორმალური მოვლა-პატრონობის შემთხვევაში, მისი ხარისხიანად გაკეთების შემთხვევაში, ასეთ უხვა ნალექს, როგორიც იყო გუშინ, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ, ამ ნალექის გატარებას სანიაღვრე სისტემა უნდა უზურნველყოფდეს. რამდენიმე თვის წინ, მაგალითად, ავლაბრის მეტროში ჩავიდა წყალი და "ქართული ოცნება" და კალაძე აბრალებს, რომ " იცით, რა, უხვი ნალექია". აი, უხვი ნალექის შემთხვევასი კალაძის სახლში წყალი რატომ არ ჩადის? იმიტომ, რომ ხარისხიანად გააკეთა ხომ მისი სახლი? ის სანიღვრე სისტემები, რომელიც დღეს თბილისში არსებობს და საქართველოში თითქმის ყველგან, ასევეა ბათუმი, სანიაღვრე სისტემები ვერ მუშაობს, - ამბობს ბესო დონაძე.