ნგრევა თბილისში - ადგილობრივების თქმით, გამგეობა მიწის ჩამოშლამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს

07.07.26 11:36
ნგრევა თბილისში - ადგილობრივების თქმით, გამგეობა მიწის ჩამოშლამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს

უხვი ნალექის შედეგად, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე მიწის ჩამოშლასთან დაკავშირებით ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ მათ გამგეობაში განცხადება დაწერეს და შესაბამისი სამსახურები გააფრთხილეს, რომ კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ხოლო გზაზე ბზარები გაჩნდა, თუმცა გამგეობას რეაგირება არ ჰქონია. 

მოსახლეობა გვიყვება, რომ თავდაპირველად სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე "ცენტრ პოინტმა" კორპუსის ნახევარი ააშენა, თუმცა შემდეგ აშენებული ნაწილი დაანგრიეს და საძირკველი ამ მდგომარეობაში დატოვეს. 

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა შპს "საბურთალოზეა" გაცემული. 

თავმჯდომარე იყო მისული, დაწერა განცხადება და მაგისთანა განცხადებები აქ მილიონიაო, სანამ კორპუსი არ წაიქცევა არ მოხვიდეთო. 4 დღის წინ იყო მისული, დაწერა, რომ კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია წაიქცევაო და ასეთი არის ქვეყანა განცხადებებიო და როცა სერიოზული საშიშროება იქნება მერე მოდითო. იყო გამაგრებული, უკნიდან რკინები იყო და ბეტონი, მაგრამ ის ბეტონი გადავარდა და ახლა აღარაფერი აღარ იჭერს... დღეს რომ გაწვიმდეს ესეც გადაჰყვება." - გვეუბნება ადგილობრივი. 

გამგებელი, ლევან ყიფიანი "პირველებთან" საუბრისას ამბობს, რომ როგორც კი მიწის მასა ჩამოიშალა, ყველა შესაბამისი სამსახური დაუყოვნებლივ ჩაერთო საქმეში. თუმცა არ გვპასუხობს კითხვაზე, თუ გამგეობა ინფორმირებული იყო, რატომ არ მოხდა რეაგირება მიწის მასის ჩამოშლამდე. 

მე არ მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. უსაფრთხოების ღობეები გაკეთდა, სამხარაული დაჩქარებული წესით გაკეთდება დასკვნის მომზადება და შემდეგ მაგის რეკომენდაციების მიხედვით დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. როგორც კი მოხდა ჩამოშლა, დაუყოვნებლივ ჩაერთო ყველა შესაბამისი სამსახური. როგორც მაქვს ინფორმაცია, აღნიშნული კომპანია დაჯარიმდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო," - ამბობს ლევან ყიფიანი. 

ამ დროისთვის, მოსახლეობა სამხარაულის ექსპერტებს ელოდება.