8 პოლიტიკოსის საქმე - ვინ არის პროცესზე მიყვანილი მოწმე-პოლიციელი და რა თქვა მან სასამართლოში?

07.07.26 13:49
8 პოლიტიკოსის საქმე - ვინ არის პროცესზე მიყვანილი მოწმე-პოლიციელი და რა თქვა მან სასამართლოში?

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის პროცესზე ჩვენება ბრალდების მხარის მოწმემ, კახაბერ ქაცანაშვილმა მისცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ხელი ზურა ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძეს დაადო. მისი მტკიცებით, მან უშუალოდ გაიგონა მოწოდებები პოლიტიკოსების მხრიდან საპროტესტო აქციაზე. 

პროცესის დასრულების შემდეგ, მედიამ ბრალდების მხარის მოწმესთან გასაუბრება შეძლო, თუმცა ქაცანაშვილმა დახურულ სხდომაზე მიცემული ჩვენების დეტალებზე საუბარი არ ისურვა. 

ვერაფერს ვერ გეტყვით. რაც საჭირო იყო ვთქვი სასამართლოზე. სურვილი არ მაქვს რომ თქვენ გითხრათ. ყველაფერი ვიცი [რომ ცრუ ჩვენების გამო შესაძლოა პასუხისგებაში მივეცე]," - გვითხრა კახაბერ ქაცანაშვილმა.

ამასთან, "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმემ დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციაზე პოეტ ზვიად რატიანზე სამართალდამცავებმა იძალადეს, თუმცა პოლიციელების ამოცნობა არ შეუძლია, რადგან მათ ნიღბები ეკეთათ. 

ამ დროისთვის, სასამართლში კიდევ ერთი მოწმე-პოლიციელი, ირაკლი მარსაგაშვილი იკითხება, ის ჩვენებას ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აძლევს. 

მისი თქმით, მანაც უშუალოდ მოისმინა, როგორ მოუწოდებდნენ პოლიტიკოსები მოქაალაქეებს,რომ პარლამენტში შესულიყვნენ. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.