კომიკურ პასაჟებს ვაწყდებით, გიორგი ვაშაძის ღიმილი აღმოჩნდა მტკიცებულება - ადვოკატი
გიორგი ვაშაძის ღიმილი მის წინააღმდეგ მტკიცებულება აღმოჩნდა - ეს ინფორმაცია გამოიტანა დახურული სასამართლო სხდომიდან ოპოზიციონერი ლიდერის ადვოკატმა.
ირკვევა, რომ დღეს პროცესზე გამოკითხულმა მოწმე პოლიციელმა, გაგა წოწკოლაურმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე ძალადობას ახალისებდა, თუ რა იყო ამის მამტკიცებელი, მოწმემ თქვა, რომ "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი იღიმოდა.
ომარ ფურცელაძის თქმით, ოპოზიციის დევნის საქმეში უმარავი კომიკური პასაჟია, რაც მისი განცხადებით, ბრალდების მხარის ძალიან სუსტ პოზიციაზე მიუთითებს.
კომიკურ პასაჟებსაც ბევრს ვაწყდებით ამ სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ ჯამში სასაცილო არაფერია. ბრალდების პოზიცია არის ძალიან სუსტი. სუსტია იმდენად, რომ გიორგი ვაშაძის ღიმილი აღმოჩნდა მტკიცებულება, რომ მას მოსწონდა სახელმწიფო გადატრიალება. ახლა ეს არ არის სტანდარტი, რომელსაც უნდა ვისმენდეთ სასამართლოში. ეს არ არის სტანდარტი, მიუხედავად იმისა, იქნება ეს გიორგი ვაშაძე თუ ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყნის, რომ ემუქრებოდეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა", - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.