"5 წუთიც რომ გაგრძელებულიყო წვიმა, აქ ვერავინ გადარჩებოდა" - ძლიერმა წვიმამ წულუკიძის ქუჩაზე მდებარე სახლები დააზიანა

07.07.26 18:29
"5 წუთიც რომ გაგრძელებულიყო წვიმა, აქ ვერავინ გადარჩებოდა" - ძლიერმა წვიმამ  წულუკიძის ქუჩაზე მდებარე სახლები დააზიანა

ძლიერმა წვიმამ ვარკეთილში, წულუკიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ადგილობრივების თქმით, წყლის ნაკადმა ეზოები და საცხოვრებელი ფართები დატბორა, რის გამოც მოქალაქეები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

მოსახლეობა მომხდარს ახლომდებარე მშენებლობას უკავშირებს. მათი განცხადებით, კომპანია „პრაიმ ინვესტ ჯგუფის“ ობიექტზე კომერციული ფართების შესასვლელების მოწყობის მიზნით დამცავი ჯებირები მოანგრიეს, რამაც ძლიერი ნალექის დროს წყლის ბუნებრივი გადინება შეცვალა.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად მათ უსაფრთხოებასა და საკუთრებას საფრთხე შეექმნა. 

კინაღამ დაგვტბორა სულყველანი, 5 ოჯახი. არმატურაა მოგლეჯილი, ყველაფერი დააზიანა, ხრეში ალბათ 5 მანქანაა ახლა შემოტანილი აქ და 5 წუთიც რომ გაგრძელებულიყო, აქ კაციშვილს ვერავინ გადაარჩენდა. სამაშველო მოვიდა 3 საათის მერე. ორი იმდენი წყალი მოვიდა ამ წყლის ჯებირის მოხსნის გამო. პირიქით, რომ უნდა აემაღლებინათ, ამათმა მოგლიჯეს, რომ კომერციული ფართები გაეკეთებინთ კორპუსში, რომ იმათ ფული გაეკეთებინათ და ჩვენ, მოსახლეობა ნულად ჩაგვთვალეს. თან გასაჩივრებული გვქონდა, რომ არ უნდა მოიხსნას ეს წყლის ჯებირი, იმიტომ, რომ სიცოცხლისთვის არის მნიშვნელოვანი და აი, ფაქტიც დადგა. ამ წატმდეც არავინ მოდის და ძღალდა არავინ გვაგდებს. წვიმა რომ მოდის, მთლიანდ უბანს პანიკა ეწყება. დაიბზარა სახლები, - ამბობს ადგილობრივი მოსახლე. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „პრაიმ ინვესტ ჯგუფი“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველის, ზურაბ მალაზონიას საკუთრებაშია. 

"პირველები" საკითხის გასარკვევად თავად მალაზონიას დაუკავშირდა, თუმცა მან პასუხისმგებლობა მოიხსნა და თქვა, რომ ნებართვა თბილისის მერიისგან ჰქონდა. 

შეგიძლიათ, მოიძიოთ ყველა ნებართვა ჩვენი კომპანიის, რომ გაეცნოთ ყველაფერს. სამი წლის წინ ავიღეთ კორპუსის მშენებლობის ნებართვა, - ამბობს პრაიმ ინვესტის ხელმძღვანელი.