დაცარიელებული სოფლები და გაჭირვებაში მყოფი ხალხი - "ლელოს" წევრები სამეგრელოში მოსახლობას შეხვდნენ
რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურ პრობლემებთან ხშირად მარტო რჩებიან. სამეგრელოში, სოფელ კახეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი ყოფა ყოველდღე იმაზე ფიქრით იწყება, როგორ გამოკვებონ შვილები.
მძიმე სოციალურ მდგომარეობას ავარიული შენობაც ემატება, რომელიც, მოსახლეობის თქმით, დანგრევის პირასაა. სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მცხოვრები ადამიანები აცხადებენ, რომ დახმარებას წლებია უშედეგოდ ელოდებიან.
მოსახლეობა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდისა და ფასების შემცირების შესახებ ხელისუფლების განცხადებებს საკუთარ ცხოვრებაში ვერ გრძნობს. მათი თქმით, სოფელში შემოსავლის მთავარი, ხშირ შემთხვევაში კი ერთადერთი წყარო მიწის დამუშავებაა.
თუმცა ერთ-ერთ ოჯახს იმ მიწის ნაკვეთის დაკანონებაზეც ეუბნებიან უარს, რომელიც, მათი თქმით, წინაპრებისგან დარჩათ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ქონების რეგისტრაციაზე უარს ეუბნება.
პრობლემების წინაშე დარჩენილ მოქალაქეებს დღეს სამეგრელოში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეხვდნენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათი მთავარი ამოცანა მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციაა, რადგან პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური საჭიროებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
„ძლიერი საქართველო“ პასუხისმგებლობას მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. პარტიის წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ მოსახლეობა დაპირებებით მოატყუა და ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფლებისთვის დაპირებული ხუთმილიონიანი პროექტებიც დაივიწყა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.