უნგრეთის საზოგადოებრივი არხი გაითიშა - "საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით!"
უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ორბანის 16 წლიანი მმართველობის შემდეგ საინფორმაციო გამოშვებები რეორგანიზაციის მიზნით შეაჩერა - მიზეზად დასახელდა ის, რომ მაგუიარის მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას იწყებს, რათა ის „დამოუკიდებელი და სანდო“ გახდე ს.
სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა არხმა, M1-მა, შავ ეკრანზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა: „საზოგადოებრივ მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში მაინც ვაკეთებდით“.
სამშაბათს, მანამდე ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს რამდენიმე რედაქტორი გაათავისუფლეს.
ცვლილებები პრემიერ-მინისტრ პეტერ მაგიარის საარჩევნო დაპირებას მოჰყვა, რომელიც სახელმწიფო მედიის რეფორმირებასა და, მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში დამკვიდრებული „პროპაგანდის“ შეწყვეტას ითვალისწინებდა.
„ისტორიული დღეა, რადგან საზოგადოებრივ მედიაში პროპაგანდის მაუწყებლობა დასრულდა“, — დაწერა მაგიარმა სამშაბათს Facebook-ზე.
მაგიარმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ სურდა შეექმნა „ნამდვილად დაბალანსებული და ობიექტური საინფორმაციო სამსახური“. პრემიერ-მინისტრის რანგში ერთ-ერთი პირველი განკარგულებით მან საზოგადოებრივი მედიისა და მისი დაფინანსების „სრული და დაუყოვნებელი“ შემოწმება მოითხოვა.
ორბანის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო მედია სულ უფრო მეტად მოექცა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ — ახალი მედია კანონების მიღების ფონზე, რამდენიმე კერძო მედიასაშუალება ან დაიხურა, ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ხელში გადავიდა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში უნგრეთი 2026 წელს 74-ე ადგილზე აღმოჩნდა, მაშინ როცა 2010 წელს 23-ე პოზიციას იკავებდა.
ორბანის მთავრობა მედიაზე ზეწოლას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მედიის თავისუფლების მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებდა.