ძმებ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" ძმების ადვოკატი, დავით კუტალაძე უდასტურებს.
უფლებადამცველის თქმით, ექსპერტიზა მოითხოვა არა დაცვის, არამედ ბრალდების მხარემ.
დავით კუტალაძე ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
- ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, კაკულიებისა და საერთაშორისო ძებნაში მყოფ ბუსა ჟვანიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოსაა ჩანიშნული. პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
მსგავსი ექსპერტიზა, როდესაც საუბარია სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, ინიშნება ყველა იმ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე და ეს არის სტანდარტული პროცედურა, სადაც მაგალითად ბრალდება წარდგენილია 108-ე ან 109-ე მუხლით. დანიშნულია ეს ექსპერტიზა ჯერ კიდევ 23 მარტს. დანიშნულია ბრალდებსი მხარის მიერ და არა დაცვის მხარის მიერ. მე არ მინდა რომ ხელოვნური აჟიოტაჟი შეიქმნას, აბსოლუტურად სტანდარტული პროცედურაა - დღემდე არ არის დასრულებული. საგამოძიებო ვადა გრძელდება , არაფერი არსებითი ამ ხნის განმავლობაში არ მოპოვებულა", - აცხადებს "პირველებთან" ავოკატი დავით კუტალაძე.
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.
გამოძება ამბობს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.
- ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
- რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.