გოგა ხაინდრავა "ფორმულას" წინააღმდეგ - პროკურატურაში "შაბათის ფორმულას" ოპერატორის დაკითხვა დასრულდა

09.07.26 15:43
გოგა ხაინდრავა "ფორმულას" წინააღმდეგ - პროკურატურაში "შაბათის ფორმულას" ოპერატორის დაკითხვა დასრულდა

გოგა ხაინდრავა "ფორმულას" წინააღმდეგ - თბილისის პროკურატურაში "შაბათის ფორმულას" ოპერატორის, მიშო მარტაშვილის რამდენიმე საათიანი დაკითხვა დასრულდა. 

მიშო მარტაშვილის განმარტებით, საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები რეპორტაჟის შინაარსთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა "შაბათის ფორმულას" ოპერატორი განმარტავს, რომ შინაარსი და წყაროს ვინაობა უცნობია. 

მიშო მარტაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიბარა პროკურატურამ გამოკითხვაზე, ვინაიდან ის რეპორტაჟის მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში იღებდა მონაწილეობას.

"შაბათის ფორმულას" წამყვანი, დავით ქაშიაშვილი აცხადებს, რომ ძალიან ცუდი პრეცედენტია, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება "არარსებული ცრუ დასმენის მუხლით, როდესაც რეპორტაჟში მითითებულ ფაქტზე არ დაწყებულა გამოძიება". 

ჩვენ როდესაც დავიკითხეთ პროკურატურაში, მე და ნატუკა ლომაძე, რეპორტაჟის ავტორი, მაშინაც ვუთხარით, რომ მიშო ტექნიკურად უზრუნველყოფდა რეპორტაჟის შეფუთვას და ის ვერ მიაწვდიდა ინფორმაციას, თუმცა მაინც ითხოვეს მისი გამოკითხვა. ცხადია, ჩვენ პროკურატურის მოთხოვნასთან წინააღმდეგობაში ვერ მოვიდოდით და მოვიდა მიშო და თუკი რამე აინტერესებდა პროკურატურას მისგან, მიშოც ამომწურავ პასუხებს გასცემდა. თუმცა ეს უპრეცედენტო და ძალიან ცუდი პრეცედენტის შემთხვევაა, როდესაც პროკურატურა იწყებს სისხლისსამართლებრივ გამოძიებას მედიის მხრიდან შესაძლო ცრუ დასმენაზე. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არარსებული ცრუ დასმენის მუხლით, თან იმ ფონზე, როდესაც ფაქტზე გამოძიება არ დაგიწყია, რა ფაქტსაც მივუთითებდით ჩვენ, კიდევ ძალიან დიდი აცდენაა უმარტივეს ლოგიკაში," - ამბობს დავით ქაშიაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. გვარაკიძის უწყებას კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიმართა. ის ამტკიცებს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა იცრუეს, როცა  ტელეკომპანიაში ხაინდრავას მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე გააჟღერეს ინფორმაცია.

პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე დაიწყო. ირკვევა, რომ გამოკითხულია თავად გოგა ხაინდრავაც. 

მსგავსი სიახლეები