126 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობის გარეშე - ეკონომისტები პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ
126 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობის გარეშე - ეკონომისტები პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
- ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა.
ექსპერტების თქმით, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიის შემცირება "სურათის გალამაზებაა", ხოლო თუ "ქართულმა ოცნებამ" იცოდა, რომ შემწეობას ისეთი ადამიანები იღებდნენ, ვისაც სინამდვილეში არ სჭირდებოდა, ეს ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაა.
ეკონომისტი, თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დამფუძნებელი, პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ თუ 126 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობას ტყუილად იღებდა, მაშინ სისტემა სრულიად გაუმართავია, ხოლო თუ ადამიანებს, რომლებსაც ეს თანხა არ სჭირდებოდათ, მიზანმიმართულად უხდიდნენ - ამომრჩევლის მოსყიდვაა.
თუ 126 ათასი ადამიანი ტყუილად იღებდა ამ შემწეობას, ორი მიმართულებით მივდივართ: პირველი - სისტემა არის სრულიად გაუმართავი ამ მიმართულებით, ან მეორე - მიზანმიმართულად უხდიდნენ ამ ადამიანებს, ვისაც არ სჭირდებოდა ეს თანხა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვაა.
ჩვენ ქვეყანაში ზოგადად მდიდრდება, მით უმეტეს დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში, ძალიან მცირე ჯგუფი და მათი გამდიდრების წყაროებიც საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და არ მგონია, 126 ათასი ადამიანი ასე სწრაფად გამდიდრებულიყო.
როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთ სისტემურ პრობლემასთან საქმე, აქ პირდაპირ დგება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი," - ამბობს პაატა ბაირახტარი.
ეკონომისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ბიუჯეტიდან ფულს ართმევს მათ, ვინც ყველაზე მოწყვლადია.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას აღარ აპირებს, "შესაბამისად ამ ადამიანების ლოიალობის დამსახურება მას აღარ სჭირდება".
ერთი არის სურათის გალამაზების მცდელობა და სურათის გალამაზებას, სამწუხაროდ, მსხვერპლი ჰყავს, ეს არის ღარიბი მოსახლეობა, რომელსაც ამ დახმარებას უუქმებენ. მეორე ნაწილი ეს არის ბიუჯეტი, ბიუჯეტში თანხები ჭირს მნიშვნელოვნად. "ქართული ოცნება" სადაც ყველაზე მარტივია, ვინც არის ყველაზე მოწყვლადი, იმას ართმევს ფულს ბიუჯეტიდან. ესეც უნდა გვესმოდეს - რატომ სოციალურად დაუცველები? - იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დაუცველი ჯგუფი და მისთვის ფულის წართმევა, ან აღარ მიცემა არის ყველაზე მარტივი დღეს, როცა შენ დემოკრატია მოკალი შენ ქვეყანაში. ახლა, როგორც ჩანს, ის აღარ აპირებს კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას, შესაბამისად ამ ადამიანების ლოიალობის დამსახურება მას აღარ სჭირდება. პირველი ნაბიჯი იყო დასაქმების პროგრამის გაუქმება, ახლა მეორე ნაბიჯია გაცხრილვა ამ სიების.
თუ მათ იცოდნენ, რომ წლებია ამ შემწეობას იღებდნენ ადამიანები, რომლებიც არ უნდა იღებდნენ, ეს არის ფულის გაფლანგვა ბიუჯეტიდან და თუ ფული იფლანგებოდა, ვინ არის ამ გაფლანგვაზე პასუხისმგებელი. "ქართული ოცნება" იქცევა ისე გეგონება მან ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 2024 წელს და აქამდე ფანტომ ხელისუფლება გვყავდა, არ ვიცი რა დავარქვა - "დიფ სთეითი", "გლობალური ომის პარტია", რომელიც საქართველოს არასწორად მართავდა და ფაქტობრივად გადაჩეხა უფსკრულში," - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.