რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

10.07.26 10:52
რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქებში, აზოვსა და ტაგანროგში, ნავთობის საწყობებზე, ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე და როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

Exilenova+ იუწყება, რომ ქალაქ აზოვში თავს დაესხნენ აზოვის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანას, რომელიც სპეციალიზებულია ოპტიკურ-ელექტრონული, რადარის და მაღალი სიზუსტის სისტემების წარმოებაში და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია. ასევე დაფიქსირდა ხანძარი ნავთობბაზებზე. გარდა ამისა, ტაგანროგში შპს „კურგანნეფტეპროდუქტ“-ის საპორტო ტერმინალი იწვის. მისი მთავარი ფუნქცია ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვა და საზღვაო გემებზე ჩატვირთვაა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა ქალაქებში, ტაგანროგსა და აზოვში, დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.