ალეკო ელისაშვილი განაჩენის მოლოდინში - სასამართლოში დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს
ალეკო ელისაშვილი განაჩენის მოლოდინში - საქალაქო სასამართლოში დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
პროცესს ესწრება სხდომათა დარბაზიდან გაძევებული ალეკო ელისაშვილი. ის მოსამართლე გიორგი გელაშვილს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ჰყავდა სასამართლოდან გაძევებული ჰყავდა, თუმცა, მოსამართლემ ელისაშვილს დასკვნით სხდომაზე დაბრუნების ნებართვა მისცა.
დღეს დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს ალეკო ელსიაშვილიც.
როგორც სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ელისშვილს მოლოდინი აქვს, რომ მას მრავალი წლით გაუშვებენ პატიმრობაში.
დაცვის მხარე წარვადგენთ დასკვნით სიტყვას, შევაჯამებთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც ღია სხდომაზე იყო გამოკვლეული და, ფაქტობრივად, არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ქმედებას [29 ნოემბერს ცეცხლის გაჩენას მოქალაქეთა მომსახურების ცენტში] შეეძლო იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რაც კანონის მიხედვით შეიძლება ტერორისტულ აქტად შეფასდეს.
ტერორისტული აქტი გულისხმობს მძიმე შედეგებსა და მძიმე საფრთხეების წარმოქმნას. ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლე გვეუბნებოდა, რომ გაჩენილ ხანძარს რომ გამოეწვია სასამართლო შენობის სრული განადგურება, 25-მილიონიანი ზარალი და სასამართლოს ფუნქციონირების შეწყვეტა, ეს არის ჰიპოთეზა, ჰიპოთეზური განვითარება და ამ ჰიპოთეზური განვითარებისთვისაც კი ერთი მტკიცებულებაც არ ყოფილა წარმოდგენილი.
როდესაც გამოძიებამ დანიშნა ექსპერტიზა სანთებელაზე, იმის გასარკვევად, სანთებელა ფუნქციონირებდა თუ არა, ძალიან უცნაურია, როდესაც არ დაინიშნა ექსპერტიზა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა შენობა-ნაგებობის განადგურება.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში პროკურორი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თურმე 1970 წელს აშენებული სასამართლოს ძირითადი, ექვსსართულიანი შენობა და 2014 წელს აშენებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც ეზოშია და 8 მეტრით არის დაშორებული ძირითად შენობას, თითქოს ერთი შენობაა, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერებითაც გამორიცხულია.
ჩვენი მოლოდინია, რომ ელემენტარული სამართლიანობისა და გონივრულობის პირობებში შეუძლებელია, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დადგეს ტერორისტული აქტის მცდელობისთვის. ჩვენი მოთხოვნა იქნება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან და დადგეს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული სასამართლოს განაჩენით მას მისჯილი აქვს 6-წლიანი სასჯელი ომში მონაწილეობისათვის და უკრაინის დახმარებისათვის, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისთვის ის იდევნება და არაერთხელ დაექვემდებარა ცემასა და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე როდესაც მის მიმართ მოქმედებდა პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი, არსებობს კონკრეტული ოფიციალური დაკავების ოქმი, ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მრავალი წლით მისი ციხეში გაშვება. ელემენტარული სამართლიანობის პირობებში მის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი”, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
რას ედავებიან ელისაშვილს?
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.