კაცი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ფიგურირებს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა

10.07.26 18:34
კაცი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ფიგურირებს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა

კაცი, რომელზეც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა წლებია ამტკიცებს, რომ მისი შვილის საქმეში მთავარი ფიგურანტი და პასუხისმგებელი პირია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა. 

ირაკლი ჩიმაკაძე მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის ადგილს იკავებდა, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუს-ის კონტრ-ტერორისტული ცენტრის უფროსი იყო.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ იმეორებს, რომ მკვლელობის ავტორი სწორედ ის იყო. მისი თქმით, ირაკლი ჩიმაკაძის თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის "მეხის დაცემას" ნიშნავს.  

ჩემ საქმეში თემირლანის მკვლელობა პირდაპირ უკავშირდება ჩიმაკაძეს, მაგ ბოროტ არსებას, მაგ არაადამიანს, ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანური გრძნობებისგან არის დაცლილი, როგორც დაცლილია მთელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება ადამიანური გრძნობებისგან. მისი, დღეს, თანამდებობაზე დანიშვნა ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას. ამ საქმეში დამნაშავე და მთელი ამ მკვლელობის ავტორი არის ირაკლი ჩიმაკაძე, მაგრამ როგორც ასეთი, უფრო ხშირად გოგაშვილს ვესხმოდი თავს იმიტომ, რომ ეს გოგაშვილი გამოაგორეს, ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელება მას დაავალეს. კი გასაგებია, იგივე დამნაშავე გოგაშვილიც არის, როგორც გომელაური, როგორც მაშინდელი მთელი უწყება, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ პირველი დამნაშავე არის ირაკლი ჩიმაკაძე და ეს დაგეგმვაც, ეს მკვლელობაც, ამ ფულის გათეთრებაც, ეს ყველაფერ არის ირაკლი ჩიმაკაძის ხელწერა. თემირლანის სისხლი არის ჩიმაკაძის კისერზე," -  ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

ცნობისთვის, პანკისელი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი, 19 წლის ასაკში, 2017 წლის დეკემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.