ცოლზე ძალადობაში მხილებულ შსს-ს მაღალჩინოსანს ელექტრონული სამაჯური შეაბეს

11.07.26 12:59
ცოლზე ძალადობაში მხილებულ შსს-ს მაღალჩინოსანს ელექტრონული სამაჯური შეაბეს

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელდა, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს.

ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" სიგუას ცოლმა, სოფია სიგუა - შატბერავამ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სახლში ელექტორნული სამაჯურის დამაკავშირებელი აპარატი მიუტანეს. 

ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნულ სიგუას ელექტორნული სამაჯური შეაბეს, ამას უდასტურებენ "პირველებს" შსს-შიც. 

  • კანონის თანახმად, ახლა იოსებ სიგუას უნდა ჩამოერთვას ყველა იარაღი, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული. თუმცა ეს მოთხოვნა პროკურატურას სასამართლომ ჯერ განჩინებით უნდა დაუდასტუროს. 

სანამ სიგუას ელექტორნულ სამაჯურს შეაბამდნენ, მანამდე იყო ცოლის ზარი 112-ში.  სოფია სიგუა - შატბერავა "პირველებს" უყვება, რომ ამ ზარის შესახებ ინფორმაცია პოლიციის მაღალჩნოსნამდე მივიდა და ითხოვდა, რომ მას ზარი გაეუქმებინა.

"მოვიდნენ 112-ში დარეკვის შემდეგ, წერენ შემაკავებელ ორდერს და მეუბნებიან, რომ ეს არის ქულების ის რაოდენობა, რომელსაც სამაჯური ეკუთვნისო" - ეუბნება სოფია სიგუა "პირველებს".

დაკითხვიდან გამოსვლის შემდგე, პროკურატურამ ჩათვალა, რომ რეალური საფრთხეა და მომაცილეს სახლში. სანამ სახლიდან გავიდოდი, დავრეკე 112-ში. 112-ის შემდეგ, ჩემს ადვოკატთან შემოდის მისი ზარი და ეუბნება, რომ გააუქმოს ზარი 112-შიო. საიდან იგებს ამას, რომ 112-ში დავრეკე და მთხოვს ზარის გაუქმებას. წერენ შემაკავებელ ორდერს და მეუბნებიან, რომ ეს არის ქულების ის რაოდენობა, რომელსაც სამაჯური ეკუთვნის. კი ბატონო ეკუთვნის, რადგან ის მე მდევნის, მეუბნება რომ  მაკონტროლებს და მომაგნებს ყველგან. მითხრეს, რომ ჩვენ ახლა სამაჯურზე წავალთო, ამის შემდეგ გადის რამდენიმე საათი - მათგან პასუხი არის, რომ ვერ ვპოულობთ იოსებ სიგუასო და ვეძებთო. საათების განმავლობაში ჩვენ ვურეკავდით და ვეუბნებოდით, როგორ შეიძლება ამხელა თანამდებობის მქონე კაცი ვერ იპოვოთ-თქო. ვეძებთ, უნდა დაგველოდოთო. იარაღი აღარ ექნება. შემაკავაებელი ორდერი მაგას ითვალისწინებს. აჟიოტაჟის შემდეგ მოდიან და მოაქვთ ეს სამაჯური, რომელიც შეაბეს", - ამბობს სიგუას ცოლი. 

სოფია სიგუა - შატბერავა საუბრობს დაუცველობის განცდაზეც. ქალის თქმით, მას არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ელექტრონული სამაჯურის არარსებობის პირობებში, ქმარი ცოცხალს დატოვებს და მის შვილებს დედა ისევ ეყოლებათ.

საშინლად დაუცველად ვგრძნობ თავს - მე რეალურად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ არსებობდა, რადგან მე ვიცი ძალიან კარგად, როგორ და რანაირად მუშაობს, ძაან კარგად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არის მიკერძოებული ქეისი. როგორ შეიძლება ეს მოსამართლემ არ დატოვოს ძალაში. ეს არის სამი შვილის დედის სრული დაუცველობა, რომელი დედაც რეკავს 112-ში და პოლიცია არ შემოდის ჩემთან დასახმარებლად, მე რა გარანტია მაქვს, რომ ეს სამაჯური რომ არ ექნება იმ კაცს, რომელიც არის ასეთი სასტიკი, მე ცოცხლალი ვიქნები და ჩემს სამ შვილს ეყოლება დედა", - ამბობს სოფია სიგუა-შატბერავა.

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი უნდა გაიმართოს, სადაც პოლიციის მაღალჩინოსანი იოსებ სიგუაც მივა.

შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა - შატბერავა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციიის მაღალჩინოსანი ქმარი მას "12-ე სართულიდან გადაგდებით", "კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა. სოფია სიგუას თქმით, "იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა". ქალი ჰყვებოდა, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა.

"შაბათის ეთერში" გასული ამ რეპორტაჟიდად რამდენიმე დღეში შსს-სმ იოსებ სიგუა დააწინაურა და ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა.