პასუხი კახი კალაძეს - "პირველების" ინტერვიუ „რიყის დოქების“ იტალიელ არქიტექტორებთან
82 წლის არქიტექტორი, რომელმაც „რიყის დოქები“ მეუღლესთან, დორიანა ფუკსასთან ერთად დააპროექტა, კახა კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს.
მასიმილიანო ფუკსასი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აქვს წერილი, რომელიც თბილისის მერიას მაისში გადაუგზავნეს.
არქიტექტორი ქართულ მხარეს დახმარებას სთავაზობდა იმისთვის, რომ მის მიერ შექმნილი ნაგებობისთვის ფუნქცია გამოეძებნათ.
ის მატყუარაა. თუ ეს მართალია, თუ მართლა ასე თქვა, მაშინ მატყუარაა. ჩვენ გვაქვს წერილი – მეილი, რომელიც გავაგზავნეთ. მაისში გავუგზავნეთ მერს წერილი, სადაც ვეუბნებოდით, რომ მზად ვართ დავეხმაროთ, თუკი ამის სურვილი ექნებოდა. თავიდან, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ჭორები გვესმოდა. სხვა არაფერი, მხოლოდ ჭორები. შემდეგ, მაისში, მუნიციპალიტეტს ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ. მივწერეთ, რომ ეს ჭორები გვესმოდა და ვკითხეთ, რა ხდებოდა. შევთავაზეთ, რომ თუ დასჭირდებოდათ, მზად ვიყავით დასახმარებლად. თუკი რაიმე ინფორმაცია იყო საჭირო ან რამის მოძიება შეგვეძლო მათთვის. მაგრამ არავის არაფერი უკითხავს. არანაირი პასუხი არ მიგვიღია, საერთოდ არაფერი. სულ ეს იყო.
ის რომ თბილისის მერიას წერილი მაისში გაუგზავნეს, ამას "პირველებთან" ინტერვიუში ადასტურებს მასიმილიანო ფუკსასის მეუღლე, დორიანა ფუკსასიც.
არქიტექტორი ქალი ამბობს, რომ შენობის დემონტაჟი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სახეა - "სირცხვილია".
ის მხოლოდ აიქონური კი არ არის , როცა თბილისზე ფიქრობ, სწორედ ეს შენობა გახსენდება. მხოლოდ სამი შენობაა - ამბობს რიყის დოქებზე დორიანა ფუკსასი.
მაისში იყო, შემიძლია გითხრათ ზუსტად როდის. როდესაც ეს ჭორები გაძლიერდა, ყველამ გვითხრა: უთხარით რამე. და ჩვენც მივწერეთ. მათთვის ეს სირცხვილია, რადგან ეს შენობა თბილისის ერთ-ერთი სახეა. ის მხოლოდ აიქონური კი არ არის , როცა თბილისზე ფიქრობ, სწორედ ეს შენობა გახსენდება. მხოლოდ სამი შენობაა. ის სამი შენობა, რომელიც აშენდა 16 წლის წინ: იუსტიციის სახლი, რიყის პარკი და ხიდი. ჩვენ თბილისის სხვა არაფერი ვიცით. რა თქმა უნდა, ვიცით ისტორიული თბილისი, მაგრამ თანამედროვე შენობებზე ვსაუბრობთ, თანამედროვე მეტი არაფერია. და თუ შენ იწყებ დანგრევას, ეს ნამდვილი სირცხვილია, სულაც არ არის ჭკვიანური ნაბიჯი. თანაც, ეს შენობა ხალხს ძალიან უყვარს. ეს უცნაურია, რადგან ისინი ფულს ხარჯავენ შენებისას, მერე ხარჯავენ ფულს მის დასანგრევად. ჩემი წარმოსახვით, მათ სურთ იქ კოშკის, მაღალსართულიანი შენობის აშენება. და მე მგონია, რომ იქ კოშკს ააშენებენ", - ამბობს დორიანა ფუკსასი.
იტალიელი აქრიტექტორი ქალი დარწმუნებულია, რომ "რიყის დოქების" დამგრევა კონკრეტული ადამიანის ინტერესში შედის.
მჯერა, რომ ეს ტერიტორია ვიღაცის ინტერესის სფეროა. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, რადგან ხალხს უყვარს ეს შენობა. ასე რომ, ეს არ არის იმის ბრალი, თითქოს ქალაქმა არ მიიღო ის. ქალაქს უყვარს ეს ნაგებობა. ასე რომ, ის თავიდანვე კარგად მიიღო საზოგადოებამ. შესაბამისად, ეს უნდა იყოს ვიღაც, ვისაც ეს ტერიტორია მოსწონს, სხვა რამის გაკეთება სურს და ამიტომ ანგრევს ამ შენობას", - აცხადებს დორიანა ფუკსასი.
მასიმილიაონო ფუკსასი კი ეჭვობს, რომ მათი დაპროექტებული შენობა ახლა პოლიტიკურ ბრძოლას ეწირება.
თუ პრობლემები აქვთ ყოფილ მინისტრებთან, ან მაგალითად გეზიზღება ყოფილი პრეზიდენტი, ეს თქვენი შიდა საქმეა - ეუბნება "პირველებს" 82 წლის არქიტექტორი.
აქ ორი შესაძლებლობაა: ან მათ რაღაც პრობლემები აქვთ ყოფილ მინისტრებთან თუ პრემიერ-მინისტრებთან, ან კიდევ მეორე პრობლემაა- პროექტი იმიტომ არ მოსწონთ, რომ ვიღაცას იქ უძრავი ქონების განვითარება, დეველოპმენტი, ან მსგავსი რამ სურს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. ამ საქმეში ჩვენი როლი ნულია.
შეგიძლია ყველა აშენებული ნაგებობა გამოიყენო იმისთვის, რისთვისაც გსურს, მაგრამ ამისთვის ფანტაზია უნდა გქონდეს. თუ შენ სხვა პრობლემა გაქვს მაგალითად და გეზიზღება ყოფილი პრეზიდენტი ეს ჩვენი მხარე არ არის, ეს თქვენი მხარეა, თქვენი შიდა საქმეა. ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, რადგან მსგავს პოლიტიკაში არ ვართ ჩართულები", - ამბობს მასიმილიანო ფუკსასი.
იტალიელი არქიტექტორი მრავალწლიანი გამოცდილებთ აცხადებს, რომ ცხოვრებაში პირველი შემთხვევა აქვს, როდესაც ვინმეს მისი აშენებული შენობის დანგრევა სურს.
მასიმილიანო ფუკსას არ ესმით იმქ ართველიო პოლიტიკოსების, რომლებიც "რიყის დოქებს" "უშნოდ" მოიხსენიებენ.
იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ის უშნოა. ერთადერთი, რაც შევიტყვე, ისაა, რომ ერთმა, ორმა ან სამმა პოლიტიკოსმა , არ ვიცი ზუსტად, თქვა, რომ ეს შენობა ძალიან უშნოა. კარგით, ისინი მხოლოდ პოლიტიკოსები კი არა, ხელოვნების კრიტიკოსებიც ყოფილან, არაუშავს. ამას ვიღებთ, ყველაფერი ხდება.
მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, თუ დანგრევა გსურთ, შეგიძლიათ დაანგრიოთ. ეს ძალიან უცნაურია. აშენებ, ხარჯავ ფულს, ანგრევ , ისევ ხარჯავ ფულს, მერე ხელახლა აშენებ და ისევ ხარჯავ ფულს. რას აკეთებთ? რა გინდათ? ეს არის საზოგადოებრივი შენობა, კულტურული ნაგებობა. მის ნაცვლად რის გაკეთებას აპირებთ?
ჩვენ კულტურული დანიშნულების ნაგებობები ავაშენეთ: ერთი საგამოფენო სივრცისთვის, მეორე მუსიკისთვის, სიმფონიური მუსიკისთვის, უმაღლესი დონის მუსიკალური ღონისძიებებისთვის. ეს საზოგადოებისთვის შევქმენით. ჩვენ ის ხალხისთვის ავაშენეთ.
ჩვენს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი რამ ხდება. ეს ძალიან ცნობილი შენობაა, მასზე უამრავი პუბლიკაცია და წიგნი არსებობს. ეს არ არის ჩვეულებრივი შენობა, ის საკმაოდ აიქონური ნაგებობაა.
ვფიქრობ, ამ შენობის გადატანა არ გჭირდებათ. ვფიქრობ, ის იქ უნდა დარჩეს. ეს შენობა ჩვენ დავაპროექტეთ და დავგეგმეთ კონკრეტულად ამ ადგილისთვის, ამ გარემოსთვის. მდინარის მეორე მხარეს კიდევ ერთი ჩვენი აშენებული შენობაა და ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის. ორივე საზოგადოებრივი დანიშნულებისაა, რადგან ჩვენ ყოველთვის საზოგადოებრივ შენობებს ვაპროექტებთ", - აცხადებს არქიტექტორი "პირველებთან" ინტერვიუში.
თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.
ასევე ნახეთ:
ცნობისთვის, „რიყის დოქები“, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა და თავდაპირველად საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის შენდებოდა, 14 591 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.