საქართველოში ბოლო 6 თვეში რუსეთიდან 600 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა - რას ამბობენ დარგის ექსპერტები
საქართველოში ბოლო 6 თვეში რუსეთიდან 600 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია.
Top-10 ქვეყანაში, საიდანაც მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა, ევროკავშირის წევრი, მხოლოდ ერთი სახელმწიფო - გერმანია ფიქსირდება.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები საერთაშორისო ვიზიტორების კლების მიზეზად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას, გაუმართავს ინფრასტრუქტურას და ტურიზმის სააგენტოს პოლიტიკას ასახელებენ.
შპს "ტრაფიკ თრეველის" დირექტორი ცოტნე ჯაფარიძე განმარტავს, რომ საქართველოში ტურიზმი საგრძნობლად შემცირდა, განსაკუთრებით კი დასავლური/ევროპული ქვეყნებიდან.
მისი თქმით, Covid 19-ის შემდეგ საზღვრების გახსნის მერეც არ ყოფილა ასეთი შემცირებული მხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა.
ყველა ამბობს, რომ საგრძნობლად შემცირებულია ტურიზმი, განსაკუთრებით დასავლურ-ევროპული ქვეყნებიდან და მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან, ანუ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა არის მინიმალურამდე შემცირებული. 2021 წელსაც კი, კოვიდის შემდეგ საზღვრები რომ გაიხსნა, მაშინაც კი უკეთესი წელი იყო, ვიდრე ახლა.
ეს ყველაფერი დაკავშირებულია პირდაპირ იმასთან, რომ საქართველოზე პოტენციურმა ჩამომსვლელმა რომ მოძებნოს ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში, მხოლოდ აღმოაჩენს იმას, რომ გვყავს პროირანული, პრორუსული ხელისუფლება, ვართ იმ დარბაზებში, სადაც "სიკვდილი ამერიკას"; "სიკვდილი ისრაელს" ყვირიან, ჩვენი მაღალჩინოსნები და რა თქმა უნდა, ვეხმარებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში და ფულის გათეთრებაში და რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში ჩამოსვლა ცივილიზებულ ადამიანს არ მოუნდება და ეს არის ერთადერთი პასუხი იმაზე, თუ რატომ არის ტურისტები შემცირებული და კიდევ უფრო შემცირდება, თუ არაფერი არ შეიცვალა ამ ქვეყანაში, მაგრამ შეიცვლება," - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
სერტიფიცირებული გიდის, გიორგი დარცმელიას თქმით, ტურისტების რაოდენობამ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის და ქვეყნის არათანმიმდევრულობის გამო იკლო.
ორი მიზეზი გვაქვს: ერთი არის არსებული მდგომარეობა, ანუ მიმდინარე რეალობები დღეს - ეს არის საომარი მოქმედებები ჩრდილოეთით და სამხრეთით; მეორე ნაწილი არის მაინც ჩვენი არათანმიმდევრულობა, რომელიც ზოგადად გვჩვევია, არ მივყვებით პოლიტიკას, ვთქვათ ბაზრების სისტემურად დამუშავებისთვის და ეს არაერთხელ ვთქვი, რომ ევროკავშირთან უნდა იყოს უფრო ინტენსიური მუშაობა, ვიდრე არის და მეორე, უნდა ვიყოთ უფრო მომზადებული იმისათვის, რომ სერვისები გავწიოთ და რაოდენობრივად ფრენები უნდა იყოს ისეთი მიმართულებებიდან, რომელიც საქართველოსთვის ძალიან ღირებული არის და ა.შ. და არის მაღალგადახდისუნარიან სეგმენტზე ორიენტირება - ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, გვაკლია. ძალიან მარტივი რაღაც არის - ინფრასტრუქტურულში ჩავარდნა, ტუალეტების ნაკლებობა, თუ საერთოდ არარსებობა, რომელიც ეს იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, რასაც მე ვაკვირდები, საუბარი და მოწესრიგებული, სამწუხაროდ, ჯერ არ არის," - განაცხადა გიორგი დარცმელიამ.
"მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის" თანადამფუძნებელი, მირანდა ესაკია ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო ტურისტები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის დეპარტამენტს რეკლამა არ გაუკეთებია, უკან აღარ ბრუნდებიან.
შეინიშნებოდა ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ტურისტი იტალიიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან იმიტომ, რომ ისეთი სასწაული მთები გვაქვს - ამ ხალხისთვის ეს იყო ძალიან მიმზიდველი, მთამსვლელობისთვის. თვითონ ჩამოდიოდნენ მიუხედავად იმისა, რომ არანაირი რეკლამა არ აქვს ტურიზმის დეპარტამენტს გუდაურის და ზაფხულის გუდაურის, თვითონ ჩამოდიოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად დიდი ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს გუდაურში, რომ ეს ხალხი უკან აღარ დაბრუნდა.
თუ 60%-იანი დატვირთვა იყო ივლისის თვეში, გაუქმდა ყველა ჯავშანი და ჩამოვედით 28%-იან დატვირთვაზე," - ამბობს მირანდა ესაკია.
ეკონომისტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ აუცილებელია დაისვას კითხვები, თუ რამდენად სწორად იქცევა ტურიზმის ადმინისტრაცია და რამდენად სწორად ხარჯავს გადასახადის გადამხდელთა თანხებს ამ ნაწილში.
მისივე განცხადებით, ყურადღება გასამახვილებელია როგორც ტექნიკურ პრობლემებზე, ისე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკასა და ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულ მიდგომებზე.
რამდენიმე ფაქტორი არის ამ მიმართულებით ყურადღება გასამახვილებელი, როგორც ტექნიკური, ისე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგული მიდგომების თვალსაზრისით:
პირველი, დავიწყოთ ტექნიკური საკითხებით - ეს დაკავშირებულია ირან-ამერიკის კონფლიქტთან და ზოგადად "გალფის" ქვეყნებთან არსებულ მეტ-ნაკლებად დაძაბულ სიტუაციასთან, ახლა მოგეხსენებათ, რომ აქედან საკმაოდ ბევრი ტურისტი შემოდიოდა ქვეყანაში და აქ დაძაბულმა მდგომარეობამ, რა თქმა უნდა ზეგავლენა მოახდინა ამაზე.
მეორე საკითხი, ეს არის ქვეყანაში არსებული მეტ-ნაკლებად არასტაბილური მდგომარეობა, მე მხედველობაში მაქვს ის გარკვეული მიდგომები, რომელიც დასავლეთის მიმართულებიდან გადაიხარა, როგორც აზიის ბაზრის მიმართულებით, ისე დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით და ეს თვალყურის მიღმა არ რჩება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას, მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებული იყვნენ ამა თუ იმ ქვეყანაში ვიზიტით.
მესამე საკითხი, ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ყურადღება გასამახვილებელი - არის თავად ტურიზმის ადმინისტრაციის პოლიტიკა და თქვენ თუ შეხედავთ მათ პოლიტიკას, დაინახავთ, რომ ძალიან დიდი რესურსი, რომელიც მათ აქვთ გამოყოფილი, მიმართულია, აზიური ბაზრების წახალისებისკენ და ჩვენ ვხედავთ, მათივე ინფორმაციით, ძალიან გააქტიურებული და მატება არის ევროკავშირის ბაზრებზე, ბრიტანეთის მიმართულებაზე, ამ დროს, მათი რესურსები სრულიად სხვა მიმართულებით იხარჯება, რომელი მიმართულებითაც მაინც და მაინც ნაყოფიერებას ვერ აჩვენებს.
აქედან გამომდინარე კითხვის ნიშნები უნდა იქნას დასმული, რამდენად სწორად იქცევა ტურიზმის ადმინისტრაცია და რამდენად სწორად ხარჯავს გადასახადის გადამხდელთა თანხებს ამ ნაწილში," - ამბობს პაატა ბაირახტარი.