"ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება" - მიშა ზაქარეიშვილი

27.07.26 21:37
"ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება" - მიშა ზაქარეიშვილი

"ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება" - ამის შესახებ იურისტმა, მიშა ზაქარეიშვილმა განაცხადა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებების ახალ სერიას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ბანერზე უხამსი სიტყვის დაწერის შემთხვევა წლების წინ ევროსასამართლომ უკვე განიხილა საქართველოსთან მიმართებაში და დაადგინა, რომ ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, რომ ჩაერიოს ამ საკითხში. 

მიშა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც ხელისუფლება იძულებული ხდება ადამიანები დააკავოს, სისუსტის გამოვლენაა. 

ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება", საკუთარი თავისთვის, რა თქმა უნდა, ახლა უგუნურად დიდი ხანია იქცევა. პოლიციელებს და ზოგადად მაღალჩინოსნებს შეეძლოთ, რომ თორნიკე თოშხუას ერთკაციანი პერფორმანსი უბრალოდ გაეტარებინათ და მაინც და მაინც დიდ ყურადღებას და აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა. უბრალოდ ახლა "გაიჩალიჩეს" და პროტესტის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც პროტესტის ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ პროტესტი ახლებურად გამოხატონ. 

იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ახლა დგას - ბანერზე რამე უცენზურო და უხამსი სიტყვის დაწერა - ეს საკითხი თავის დროზე, წლების წინ განიხილა ევროსასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში და დაადგინა, რომ ბანერზე უხამსი სიტყვის დაწერა ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, რომ ჩაერიოს ამ საკითხში და გაამართლა აპელანტი. ნატა ფერაძის საქმე იყო. "ოცნება" წლების განმავლობაში მაინც თავს იკავებდა, ისეთი ტიპის გადაწყვეტილებას შეწინააღმდეგებოდა, რომელიც უკვე არის სტრასბურგის განაჩენი, მაგრამ როგორც ჩანს, ვეღარ გაძლეს და მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც კარგს, ვერ წარმომიდგენია, რომ "ოცნებისთვის" კარგი იყოს ეს ამბავი, ფაქტია, რომ ცდილობდნენ ყველანაირად რომ მიეძინებინათ პროტესტი, დაკავებებიც გაჩერებული ჰქონდათ, მაგრამ იძულებულები გახდნენ, რაც მე ზოგადად მიმაჩნია, რომ სისუსტის გამოვლენაა, როდესაც იძულებული ხდება ხელისუფლება, რომ ადამიანები დააკავოს. 

სიახლე არაფერია დაკავებებში, ერთადერთი რაზეც გული მწყდება არის ის, რომ პოლიციელების ქმედებები არ გვაძლევს საშუალებას, რომ  გავიგოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც გუშინ თორნიკემ დასვა და დღემდე გრძელდება ამ კითხვის დასმა - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ის, რაც ეწერა ბანერზე," - ამბობს მიშა ზაქარეიშვილი. 

ცნობისთვის, "ბიძინა" და სამი ასოს კომბინაცია - ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას, გუშინ, თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა. 

დღეს კი იმავე ბანერის გამო დააკავეს ნოდარი წიწარიშვილი.