ლაშა ბუღაძის რომანის ციხეში შეტანა აკრძალეს - მწერლის კომენტარი

11.08.26 16:50
ლაშა ბუღაძის რომანის ციხეში შეტანა აკრძალეს  - მწერლის კომენტარი

 

 

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართველი მწერალია, ვისი წიგნის შეტანაც ციხეში იკრძალება - ახალი რომანი „დამკვირვებელი“ რუსთავის ციხეში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულ ნანა სანდერის საკანში უნდა შეეტანათ, მაგრამ ადმინისტრაციამ უარი თქვა. ოფიციალური მიზეზი "წიგნის პოლიტიკური შინაარსია". 

არსებობს ეჭვი, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ ტექსტში ნახსენები სიტყვები - "დესპოტი"  და "ბელადის თაყვანისცემა" პოლიტიკურ შინაარსად ჩათვალა: 

"უშუალოდ ბადრაგს უთქვამს, რომ ამ წიგნის შეგზავნა არ შეიძლება, ვინაიდან ის არის პოლიტიკური... ბადრაგი არამგონია, რომ იქ დამჯდარიყო და ჩაეკითხა ეს წიგნი" - ეუბნება "პირველებს" წიგნის ავტორი.

ლაშა ბუღაძის თქმით, საქმე გვაქვს მხატვრული ტექსტის აკრძალვის პირველ მნიშვნელოვან შემთხვევასთან.

ძალიან საშიში პრეცენდენტია, ამის ნორმალიზება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამას სჭირდება რეაგირება. არავის აქვს უფლება, აუკრძალოს ადამიანს კითხვა - ამბობს მწერალი. 

გიორგი რომელაშვილმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარ ნანა სანდერისათვის შეეგზავნა ჩემი რომანი "დამკვირვებელი" და აღმოჩნდა, რომ უშუალოდ ბადრაგს უთქვამს, რომ ამ წიგნის შეგზავნა არ შეიძლება, ვინაიდან ის არის პოლიტიკური - აი, ამ დეფინიციით. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ეს შეკითხვა გაჩნდა, რომ ეს უშუალოდ ბადრაგის გადაწყვეტილება იყო, რომ ასეთი განსაზღვრება მიეცა მხატვრული ტექსტისათვის, თუ ზოგადად არსებობს რაიმე ტიპის სია - აკრძალული ავტორების ან აკრძალული წიგნების, ანდა საერთოდ ვინ განსაზღვრა და ვინ მიანიჭა ამ ტიპის ეპითეტი ტექსტს - პოლიტიკურია თუ არაპოლიტიკური საერთოდ რას ნიშნავს? ანდა უკაცრავად, პოლიტიკურიც რომ იყოს შინაარსი, რატომ უნდა წაიკითხოს ეს მოქალაქემ, გნებავთ, ამ შემთხვევაში პატიმარმა თუ ნებისმიერმა. ბადრაგი არამგონია, რომ იქ დამჯდარიყო და ჩაეკითხა ეს წიგნი. ეჭვი მეპარება, რომ ანოტაციაც ჩაეკითხა. ანუ, ეს არის ტენდენცია, რომელიც უკვე გულისხმობს, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის ტენდენციას, რომ რაღაცები ისევ და ისევ ამ ფორმით აკრძალოს. ანუ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხატვრული ტექსტის აკრძალვის პირველი მნიშვნელოვანი შემთხვევა და მაგალითი გვხდება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ძალიან საშიში პრეცენდენტია, ამის ნორმალიზება არავითარ შემთვევაში არ შეიძლება. ამას სჭირდება რეაგირება. იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, აუკრძალოს ადამიანს კითხვა", - ამბობს ლაშა ბუღაძე.  

ცნობისთვის, უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ დაწერა, რომ მომხდარ ფაქტზე სამართლებრივ ნაბიჯებს იწყებენ.

„ვიწყებთ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. ვნახოთ, იწყება თუ არა ლიტერატურის ცენზურა ციხესა და სასამართლოში. ჯერ წერილობით მოვითხოვთ დასაბუთებულ უარს“, - დაწერა მან.

  • უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პენიტენციურ კოდექსში ჩანაწერი, რომელიც ციხეში მხატვრული ლიტერატურის შეტანას კრძალავს, არ არსებობს.

რა წერია “დამკვირვებლის” უკანა ყდაზე:

  • “დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ, ამ ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა. უცვლელობის, მიწისქვეშ მალვის და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს - ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ - მომავლის შეგრძნება დაუკარგა.თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება - ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა არჩევნები იმართებოდეს”…

"პირველები" პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.