"ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი და მტერთან კოლაბორაცია" - ენმ ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისიდან საწვავის შეტანაზე
"ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი და მტერთან კოლაბორაცია" - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანას.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბირიფნგზე ფარულავამ თქვა, "ქართული ოცნება“ საწვავის დეფიციტის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმისთვის "მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება".
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა უბადრუკი პაექრობა გამართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, პუტინის პირად ტყვესთან, მიხეილ სააკაშვილთან.
ადამიანთან, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა და რუსული აგრესიის დროს ქვეყანა გადაარჩინა. მაშინ მის გვერდით რუსთაველის გამზირზე ევროპის ხუთი პრეზიდენტი იდგა.
„ოცნება“ არის რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია და, ამავდროულად, გვეუბნება, რომ რუსეთს, ოკუპანტსა და მტერს - თუ ვუწოდებთ, ეს თურმე რუსოფობიაა.
ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება. ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია.
ამ ყველაფრის ფონზე კობახიძე აცხადებს, რომ საწვავის მიწოდება ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ხდება. იგივე კობახიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი გავრილოვს დაუთმო, რასაც მასობრივი პროტესტი და ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი დარბევა, მათ შორის ადამიანებისთვის თვალების დათხრა, მოჰყვა.
კობახიძის მხრიდან ოკუპაციის კანონზე საუბარი არის ცინიზმი, ფარისევლობა და ეროვნული ინტერესების ღალატი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ენმ-ს კიდევ ერთი წევრი, ბესო შენგელია "ონცბეისგან" ითხოვს პასუხებს კითვაზე - თუ ვინ არიან ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, ვინც ეს საწვავი აფხაზეთში გადაიტანა. ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აინტერესებს, რომელი შეიარაღებული დანაყოფები იცავდნენ ამ ტვირთს.
„სად არის აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა და უმაღლესი საბჭო?! რატომ დუმან? ვის ინტერესებს იცავენ ისინი — ქართველი ხალხის, თუ კრემლის?!
როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ამ დანაშაულს „ჰუმანიტარულ აქტად“ ფუთავს, მინდა მკაფიოდ ვკითხო მათ — რომელ ჰუმანიზმზე გვესაუბრებით?!
სად იყო თქვენი ჰუმანიზმი, როდესაც ოკუპირებული გალი თანამედროვე რუსულ გულაგად იქცა?! როდესაც დახურეს ქართული სკოლები, აკრძალეს ქართული ენა, დახურეს სამედიცინო ამბულატორიები, ყოველდღიურად აწიოკებენ, ატერორებენ და რეკეტში ჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა — მაშინ ხმაც კი არ ამოგიღიათ და დღესაც არ ისმის თქვენი ხმა!
და ყოველივე ამის ფონზე, არსებობს გონივრული ეჭვი და ვარაუდი ქართული მხრიდან შესული ეს საწვავი ხმარდება არა უბრალო ხალხს, არამედ სეპარატისტული რეჟიმის ძალოვან უწყებებს, ე.წ მილიციასა და უშიშროებას რომლებიც მოსახლეობას ფულს ართმევენ, სამკურნალოდ არ უშვებენ და ჩვენს ხალხს ატერორებენ!
რეჟიმი, რომელიც „გამჭვირვალობაზე“ გვესაუბრება, ვალდებულია დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს:
1. რომელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე გაიცა საწვავის შეტანის ნებართვა;
2. ვინ არიან ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, ვინც ეს საწვავი აფხაზეთში გადაიტანა;
3. რომელი შეიარაღებული დანაყოფები იცავდნენ ამ ტვირთს;
4. და რა არის ამ საწვავის რეალური წარმომავლობა — საიდან მოიტანეს ის?!
საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვაჭრობს ერევნული ინტერესებით და ვინ მდიდრდება ეროვნული ღალატით", - განაცხადა ბესო შენგელიამ.
- ირაკლი კობახიძემ გუშინ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.