ძმები წულუკიძეები ისევ პატიმრობაში დატოვეს - ოჯახი პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს

13.08.26 13:35
ძმები წულუკიძეები ისევ პატიმრობაში დატოვეს - ოჯახი პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს

ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები ისევ პატიმრობაში დატოვეს - სასამართლოდან ციხეში გაუშვეს კიდევ ოთხი ადამიანი. ყველა მათგანს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. ამ საქმეს ჯამში 72 ბრალდებული ყავდა, მაგრამ უმრავლესობას საპროცესო გარიგება გაუფორმეს. 

დაკავებული ძმები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს რადგან  მსგავს საქმიანობას მათ რელიგიაც უკრძალავთ.

წულუკიძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან ძმები წულუკიძეები ოპოზიციური განწყობით არიან ცნობილები. 

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები არიან ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები, მაგრამ მაინც აპატიმრებენ ისეთი მუხლით, სადაც მათ 7-დან 10 წელი ემუქრებათ. ისჯებიან, არ პატიობენ იმას, რომ ოპოზიციურად არიან განწყობილები"- აღნიშნავს დაკავებული ძმების ადვოკატი. 

ადვოკატი თამარ აბესაძე "პირველებთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ. 

ფარული ჩანაწერებითაც დასტურდება, რომ სულ სხვა ქმედებასთან გვაქვს საქმე და არა ქურდული სამყაროს წევრობასთან. ქურდული სამყაროს წევრობის სტანდარტი, რაც არის, რაზეც შეიძლება გამამტყუნებელი  განაჩენი დადგეს, ამ საქმეში არ არის. თუ ეს სტანდარი იცვლება და ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი კრიმინალურ მოქმედებად განისაზღვრება, მაშინ ჩათველეთ, რომ საქართველოს 95% "ქურდული სამყაროის" წევრობისთვის, მხარდაჭერისთვის, მიმართვისთვის უნდა იყოს პასუხიეგებაში მიცემული"- თქვა ადვოკატმა. 

თამარ აბესაძის თქმით, საქმის მასალებში არსად ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა მუქარას, დაშინებას, შანტაჟს გამოძალვას და სხვა. 

სპეცოპერაცია ბათუმში მიმდინარე წლის 17 მარტს ჩატარდა - დაკავებულ პირებს „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში სულ დაკავებულია 72 პირი. 

შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.