კიდევ ვინ მისცემს ჩვენებას ლილუაშვილის წინააღმდეგ - სასამართლოში სუს-ის ექს შეფის პროცესი იწყება
კიდევ ვინ მისცემს ჩვენებას გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს შეფის პროცესი იწყება.
დიდი ალბათობით, დღეს პროკურატურა ბოლო მოწმეებს გამოკითხავს, ამიტომ საინტერესოა, იქნება თუ მათ შორის რომეო მიქაუტაძე. დღესვე უნდა გამოიკვლიონ მტკიცებულებებიც.
ჩემთვის უცნობია, დრევანდელ პროცესზე ვინ ჰყავს წარმოდგენილი ბრალდების მხარეს, თუმცაღა, ამ ეტაპამდე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს. შესაბამისად, დაცვის მხარე მოისმენს კვლავაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეს. ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომეო მიქაუტაძე თუკი რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, ეს პროცესზე უნდა გააჟღეროს და დააფიქსიროს, შესაბამისად, თუ ის პროცესზე იქნება წარმოდგენილი, ამის შემდეგ გახდება ცნობილი დაცვის მხარისთვის, უშუალოდ პროცესზე გაჟღერებული ინფორმაცია, მისი მხრიდან რა იქნება, - ამბობს ადვოკატი, ლანა ცერცვაძე.
- ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.