34 წელი გავიდა იმ ეიფორიიდან, როდესაც დამოუკიდებლობა დაბრუნებულები ყველაფერს ვაფასებდით ემოციური ფონიდან - კობა კობალაძე
"34 წელი გავიდა იმ ეიფორიიდან, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობადაბრუნებულები ყველაფერს ვაფასებდით ემოციური ფონიდან და თავით გადავეშვით იმ არეალში, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა შემოგვთავაზეს" - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ აფხაზეთის ომიდან 34 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
მისი თქმით, 1992 წლის 14 აგვისტო იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე.
34 წელი გავიდა იმ ეიფორიიდან, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობადაბრუნებულები ყველაფერს ვაფასებდით ემოციური ფონიდან და თავით გადავეშვით იმ არეალში, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა შემოგვთავაზეს. 1992 წლის 14 აგვისტოდან 34 წელი გავიდა და ის კვლავ არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღი იმიტომ, რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე. მას შემდეგ მთელი ჩვენი არსით და მრწამსით ვცდილობთ იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეულად გადავლახოთ ეს ტკივილი, ეს ემოციური ფონი და ჩვენ შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში.
მშვიდობაზე ჩვენი გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას ქვეყნისითავდაცვისათვის ღვაწლში. რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფვი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან.
საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.
27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.