"სანამ მოთხოვნა იქნება, მიწოდებას გავაგრძელებთ" - "სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი გაიტანა
კომპანია "სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი გაიტანა - ამით მიწოდებული საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა. როგორც კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა, 300 ტონის მიწოდებით ოკუპირებული რეგიონის გალის ოლქში საწვავის დეფიციტის პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, შესაბამისად ადგილზე საწვავზე მოთხოვნა კიდევ არი.
მისივე განმარტებით, „სოლიდუსი“ როგორც სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე კომპანია მიწოდებას მანამდე გააგრძელებს, სანამ მოთხოვნა იქნება.
არველაძე დასძენს, რომ დამატებითი მოცულობების გატანის შესახებ კომპანიას მთავრობისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს.
„სანამ ეს კრიზისი არის, მოთხოვნა იქნება. სანამ ეს კრიზისი იქნება, მე მზად ვარ, რომ მოვამარაგო, მაგრამ ფული თუ ეყოფათ კი. უფასოდ ეს არ ხდება. არავინ არაფრის ჩუქებას არ აპირებს. თვითონაც არ უნდათ საჩუქრები, ყიდულობენ.
გუშინ დამატებით კიდევ 100 ტონა გავიტანეთ, დღეს ჯამში 400 ტონა გვაქვს უკვე გატანილი“, - აცხადებს გიორგი არველაძე.
არველაძე აცხადებს, რომ საქართველოში საწვავი კომპანია „რეფსოლისგან“ შეიძინა და ოკუპირებულ რეგიონში კერძო მესაკუთრეებზე გაყიდა.
„იქ ცოტა სხვა რეალობაა. ასეთი დალაგებული ორგანიზებული ბაზარი არ არის ჯერ, როგორც აქაა... კერძო მესაკუთრეების ბენზინგასამართი სადგურებია, როგორც ეს საქართველოში 20 წლის იყო. ერთ ოჯახს სამი ბენზინგასამართი აქვს, ოთხი - მეორეს, ხუთი - მესამეს და ასე. სანქცირებული ზონაა და ახლა მანდ ერთადერთი ორგანიზებული ქსელი რუსული „როსნეფტის“ არის. დანარჩენი არის სულ პატარ-პატარა ბენზინგასამართი სადგურები, რითეილერები, რომლებიც დარჩნენ საერთოდ უნავთობოდ იმიტომ, რომ რუსეთი „როსნეფტს“ ცოტ-ცოტას აწვდის, ბევრს ვერა, რადგან ლიმიტირებული იყო. გალის და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ისე დარჩა, რადგან პატარა ბენზინგასამართი სადგურები აქვთ.
ანგარიშსწორება ლარში მოხდა. ისინი გადმოდიან ფულს ახურდავებენ და ლარში მოაქვთ“, - განაცხადა გიორგი არველაძემ.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.