ლილუაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ რომეო მიქაუტაძე მიცემული ჩვენებით საპროცესო შეთანხმებას მიიღებს

14.08.26 17:29
ლილუაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ რომეო მიქაუტაძე მიცემული ჩვენებით საპროცესო შეთანხმებას მიიღებს

სუსი-ს ყოფილი ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის შეფასებით, რომეო მიქაუტაძემ დღეს ფაქტობრივად საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ლანა ცერცვაძე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ამ საქციელს გარკვეულ "მიზანს" უკავშირებს.

უფლებადამცველის თქმით, მსჯავრდებულ მოწმესთან სავარაუდოდ მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან ბრალის წარდგენა მოხდეს.

"სხვა მიზანი თუ არ აქვს მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რატომ უნდა უღირდეს და უნდოდეს მას, რომ დაუმძიმდეს სამართლებრივად მდგომარეობა, ანუ მისჯილი წლები გაეზარდოს", - ამბობს ლანა ცერცვაძე. 

მოწმე, რომელიც ბრალდების მხარის განმარტებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს წარმოადგენს, უნდა მოვიდეს სხდომის დარბაზში და უნდა მოხდეს მისი დაკითხვა იმგვარად, რომ დაცვის მხარეს არ შეეშალოს ხელი დაკითხვაში. ჩვენი ეს პოზიცია მადლობა სასამართლოს, რომ გაიზიარა. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს მოწმისთვის კითხვები დასმული. დაცვსი მხარეს არ დაუწყია თავისი დაკითხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და სამართლიანიც იმ ნაწილში, რომ მომდევნო სხდომაზე იგივე მოწმის დაკითხვა გაგრძელდება იმგვარად, რომ პროცესზე იქნება მობრძანებული ბატონი მოწმე. 

აღნიშნული მოწმის მიერ გარკვეული ინფორმაცია, რაც ამ ეტაპამდე მიეწოდა სასამართლოს, გარკვეულწილად მოიცავს იმ ინფორმაციას, რომ მას აქვს ბრალეული როლი ამ ყველაფერში. დღემდე მის მიმართ არანაირი დევნა დაწყებული არ არის. ხედავთ იმას, რომ შესაძლოა, მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდეს სამომავლოდ, ალბათ, განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა.

მსჯვარი, რაც მოწმეს აქვს დადებული, გაცილებით უფრო ნაკლები სასჯელით არის შემოფარგლული, ვიდრე ის, რაშიდაც იგი თავის თავს ასახელებს დღევანდელ პროცესზე. სხვა მიზანი თუ არ აქვს მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რატომ უნდა უღირდეს და უნდოდეს მას, რომ დაუმძიმდეს სამართლებრივად მდგომარეობა, ანუ მისჯილი წლები გაეზარდოს. 

 არ არსებობს არანაირი სახის ობიექტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თუნდაც დღევანდელი მოწმის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ქრთამის გადაცემასთან დაკავშირებით.

მსგავსი ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულება, რომლის გადამოწმების შედეგადაც დადასტურდებოდა მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად“,- განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

დღეს სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გამოკითხა - რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფულ ი გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.