ე.წ. ტროლები "ოცნების" სამსახურში

14.08.26 20:35
ე.წ. ტროლები "ოცნების" სამსახურში

230 ტროლი ირაკლი კობახიძის გამონათქვამების პოპულარიზაციის სამსახურში - როგორ მრავლდებიან ე.წ. ტროლები ოცნების მხარდასაჭერად? - "მითების დეტექტორმა" მოიკვლია, რომ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გვერდები დრო და დრო მატულობს. მიზანი ირაკლი კობახიძის რუსოფიასთან გამოცხადებული ბრძოლის, დიფ სთეითის და აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამონათქვამების მოწონება და გადაზიარებაა .

"მითების დეტექტორმა" გაარკვია, რომ "ტროლები" ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი გვერდებია - ფოტოებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შექმნილი, იდენტური ფოტოებია შეცვლილი სახელებით და გვარებით - მეტი დამაჯერებლობისთვის ხდება ფეისბუქზე სამსახურის მითითება, რომ თითქოს ეს ადამიანები ან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, თბილსერვისში ან სახელმწიფო უწყებებში მუშაობენ.

ეწ ტროლების აქტიურობა მოქალაქეებისთვის შესამჩნევია - თავისუფლების მოედნის წევრი, როდესაც სოციალურ ქსელში თვალს ადევნებდა კობახიძის გამონათქვამებზე საზოგადოების რეაქციებს, შეამჩნია, რომ იდენტური ფოტოებით, სხვადასხვა სახელით და გვარით ადამიანები მის ფრაზებს იწონებდნენ - ეს კი მისთვის დასტური იყო, რომ ოცნებას რეალური მხარდამჭერები არ ჰყავს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ კამპანიის უკან თავად ოცნება დგას და ცდილობს ხალხს საკუთარი პოლიტიკა თავს მოახვიოს და რადგან რეალური ადამიანები ამ ნარატივს არ იწონებენ, პირიქით, ეწინააღმდეგებიან, ამიტომ რთავენ ე.წ. ტროლების ქარხნებს.

 

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.