„არავითარი პროტესტი არ არის, 200-300 გზააბნეული ადამიანი რაღაცას გაჰყვირის“ - შარმანაშვილი უწყვეტ პროტესტზე
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი გავლენიანი ფრანგული გამოცემა „Le Monde“-ის სტატიას ეხმაურება და საქართველოში მიმდინარე უწყვეტ აქციებს პროტესტად არ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, ქუჩაში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოდის, რაც საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას არ გამოხატავს. შარმანაშვილი ასევე აცხადებს, რომ „Le Monde“-ის შეფასებები საქართველოსა და ხელისუფლებას რეპუტაციულ ზიანს ვერ მიაყენებს.
ლემონდი არ არის ისეთი.. იმნაირი გამოცემა არის მილიარდი ევროპაში. ბიბისიმ გააკეთა ისეთი სიგიჟე და ახლა ლემონდისა გამიკვირდება? არავითარი რეპუტაციული ზიანი. ის 200 თუ 300 გზააბნეული ადამიანი რაღაცას გაჰყვირის, საქართველოსთვის და არც ხელისუფლებისთვის არ არის. ეს არის რაღაც მცირე, უკონტროლო ჯგუფი. ისინი შეიძლება დღეს ბიძინა ივანიშვილზე ამბობდნენ ამას, ხვალ შეიძლება თქვენზე თქვან, ზეგ შეიძლება სხვაზე თქვან. არავითარი პროტესტი არ არის, 300 და 400 ადამიანი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლებოდა გამოდიოდეს. პროტესტი არის, როდესაც ქვეყანაში ხალხის უმრავლესობა ითხოვს რაღაცას. არ არსებობს ეს უმრავლესობა. იოცნებეთ, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა „Le Monde“ საქართველოში მიმდინარე უწყვეტ აქციებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ საპროტესტო მოძრაობად აფასებს. გამოცემა წერს, რომ 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, დაკავებების, ჯარიმებისა და ზეწოლის მიუხედავად, პროტესტი ყოველდღიურად გრძელდება და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. ამასთან, „Le Monde“ ყურადღებას ამახვილებს დემონსტრანტების მზარდ დაღლილობასა და იმედგაცრუებაზეც - ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ნაწილი აქციების ეფექტიანობას უკვე ეჭვქვეშ აყენებს.