შსს ძაღლების შესაძენად 241 000 ევროს გადაიხდის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი ძაღლების შესაძენად 241 272 ევროს გადაიხდის.
შესყიდვა მოიცავს ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე ხუთ წინასწარ გაწვრთნილ/სპეციალიზებულ ძაღლს და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე სპეციალიზებულ 10 ძაღლს.
გარდა ამისა, სამინისტრო შეიძენს 15 პლასტმასის გალიას, 15 წყლის თასს, 30 XL ზომის სპეციალურ ბურთს, პატრულირებისა და ძებნის საბმელებს, ჯაგრისებს, სამსახურებრივ ჟილეტებს, ლაგამებსა და სხვადასხვა ტიპის საყელოებს. შესყიდვის ჩამონათვალში ასევე შედის 15 დისტანციური ელექტრონული საყელო და 30 „Police K9“ ნიშანი/პაჩი.
შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია კინოლოგის სასწავლო კურსიც, რომელიც საერთაშორისო სერტიფიცირებას უნდა ითვალისწინებდეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის საფუძვლად მითითებულია „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება“. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვის შესახებ თანხმობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 2 ოქტომბერს აქვს მიღებული.
უწყების განმარტებით, სპეციალიზებული ძაღლების მიმწოდებლების დიდი ნაწილი არარეზიდენტი კომპანიებია და მათი ნაწილი სატენდერო პროცედურებში მონაწილეობით დაინტერესებული არ არის.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ უწყების სხვადასხვა დანაყოფი თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რის გამოც მიმწოდებლის შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭება მის მიერ გამოყენებულ სტანდარტებსა და პრაქტიკას. დოკუმენტში ნახსენებია, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის მოთხოვნები.
- მიმწოდებელი ვალდებული იქნება, ავანსის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სპეციალიზებული ძაღლებისა და K9 აღჭურვილობის სრულად მიწოდება.
- მიწოდების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს ტრენინგი. კინოლოგების სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 10 დღეა.
შესყიდვის პირობებით, მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ძაღლების იმპორტისთვის საჭირო სამედიცინო შემოწმებები და დოკუმენტაცია. ყველა ძაღლი შესაბამისი წესით ჩიპირებული უნდა იყოს.
- შსს-ს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტროს კინოლოგიურ სამსახურში არსებული ძაღლების ნაწილი ასაკოვანია და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ ასრულებენ დაკისრებულ ფუნქციებს, უწყების შეფასებით, ახალი გამოწვევების პირობებში თანამედროვე მეთოდებით წინასწარ გაწვრთნილი ძაღლების დამატება აუცილებელია.