კიბოს ახალი ვაქცინის წარმატება - მელანომის რისკი შემცირდა
mRNA კიბოს ვაქცინამ მელანომის განმეორებისა და ორგანიზმის სხვა ნაწილებში გავრცელების რისკი შეამცირა. კვლევის შედეგებს კომპანიები კიბოს მკურნალობის სფეროში მნიშვნელოვან გარღვევად აფასებენ.
ვაქცინა Intismeran, კვლევის ფარგლებში იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან ერთად გამოიყენეს. შუალედური შედეგების მიხედვით, კომბინირებულმა მკურნალობამ როგორც კიბოს განმეორების შემცირების მთავარი მიზანი, ისე სიმსივნის მეტასტაზირების თავიდან აცილების მეორეული მიზანი შეასრულა.
ეს mRNA-ზე დაფუძნებული კიბოს ვაქცინის პირველი წარმატებული გვიანი ეტაპის კლინიკური კვლევაა. ვაქცინა კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურად იქმნება და მისი მოქმედების პრინციპი სიმსივნურ უჯრედებში არსებული კონკრეტული მუტაციების ამოცნობას ეფუძნება.
Moderna და Merck მკურნალობის დამტკიცების საკითხზე მარეგულირებელ ორგანოებთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ახალი შედეგები მნიშვნელოვანი მოვლენაა თავად Moderna-სთვისაც, რომელსაც COVID-19-ის ვაქცინის შემდეგ ახალი წარმატებული პროდუქტების განვითარება უჭირდა. კვლევის შედეგების გამოცხადების შემდეგ კომპანიის აქციები მკვეთრად გაიზარდა.