„არაფერი გამოუძიებიათ, გაყალბებით იყვნენ დაკავებული“ - ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს იწყებს

24.08.26 11:36
„არაფერი გამოუძიებიათ, გაყალბებით იყვნენ დაკავებული“ - ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს იწყებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ამ წუთებში 6 წლის წინ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია იწყება. ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების დაფარვაში მონაწილეობდნენ.

პროკურატურის გამოძიებით, თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება. მშობლების განცხადებით, მრავალტომიანი საქმის მასალების გასაჯაროების მიუხედავად, კვლავ რჩება არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა, რის გამოც ისინი გამოძიების განახლებას მოითხოვენ.

სწორედ ამ კითხვების ჩამონათვალით მივიდა დღეს პროკურატურასთან ბაჩალიაშვილის დედა. 

იმდენად ბევრი კითხვაა და იმდენად ლაფსუსებით ამათი გამოძიება სავსე, რომ იძლებული გავხდი, ასეთი ფორმით მიმემართა, რომ ფართო საზოგადოებას სცოდნოდა, რა სახის კითხვებზე არის საუბარი, რამეთუ ერთ ეტერში ვერ ვასწრებ, ვერ ვაყალიბებ, ან მავიწყდება რაღაცეები. ყველაზე საეჭვო ამ გამოძიებაში არის ის, რომ რატომ გახდა საჭირო მეორე განჩინება, როცა სოციალური ქსელების გამოთხოვა აშშ-დან საკმარისი იქნებოდა, ყველაფერს აეხდებოდა ფარდა იმ მიმოწერებით და რატომაღაც განაცხადეს, რომ ამაზე განაცხადა უარი აშშ-მა და აიპი მისამართებზე, რომლებზეც არაფერი ინფორმაცია არ იყო, იმაზე რატომღაც გამოუგზავნეს და უარი არ უთქვამთ. 

დღეს ჩვენ მივმართავთ იმგვარი გასაჩვრებით, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რატომ თქვა უარი აშშ-მა ამაზე, - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი კი გამოძიებას მტკიცებულებების გაყალბებასა და მოწმეების დაშინებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საქმის რეალურად გამოძიების პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, ოჯახს პასუხები უკვე ექნებოდა.

არაფერი არ გამოუძიებიათ, მარტო იყვნენ გაყალბებით დაკავებულები, მოწმე გამოჩნდეს და დააშინონ. ვისი დავალებით არიან, ეს ნელ-ნელა უკვე ჩანს. თუ მთავრობა არ არის ჩემი შვილის მკვლელობაში, უკვე დიდი ხანია გამოიძიებდნენ. აგერ არის ლილუაშვილი, ხელში ჰყავთ, გამოიძიონ ეს საქმე. ამათ იმის ინტერესი აქვთ, ფული ამოქაჩონ იქიდან, ბავშვმა თვითონ მითხრა, რომ სუსი, ლილუაშვილი კურირებს ჩვენს სამსახურს და შსს, ანუ გომელაური, ხომ? და, მესამეც არის ღარიბაშვილი. ღარიბაშვილს ახლა ხელს ვერ დავადებ მე, იმიტომ, რომ ის კაცი უკვე დაიღუპა, არ არის, ის კაცი მოიცილეს, ფაქტობრივად, ასე გამოდის, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

ოჯახის ინფორმაციით, საპროტესტო შეკრებები გენერალურ პროკურატურასთან ყოველ ორშაბათს, 11:00 საათზე გაიმართება. 

ცნობისთვის, ორი დღის წინ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა: 

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

მსგავსი სიახლეები