პირველკლასელების სასკოლო ფორმების შეძენა 1-ელი სექტემბრიდან ონლაინაც იქნება შესაძლებელი
პირველკლასელების მშობლები სასკოლო ფორმების შეძენას პირველი სექტემბრიდან სპეციალური ონლაინპლატფორმის საშუალებითაც შეძლებენ. ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე formebi.emis.ge-ზე, ონლაინ შეძენილი პროდუქტის მითითებულ მისამართზე მიწოდებას კი „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.
ახალი ელექტრონული პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.
“ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს.
სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს”, - აცხადებენ სამინისტროში.