ღარიბაშვილის ოჯახი განმარტავს მიზეზებს, რატომ არ დაესწრო ექს-პრემიერი სასამართლო პროცესს

25.08.26 16:59
ღარიბაშვილის ოჯახი განმარტავს მიზეზებს, რატომ არ დაესწრო ექს-პრემიერი სასამართლო პროცესს

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი განმარტავს მიზეზებს, რატომ არ დაესწრო ექს-პრემიერი სასამართლო პროცესს - როგორც რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ "სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს".

თამაზაშვილის თქმით, უფრო მეტს ექს-პრემიერი დღის ბოლომდე, თავის განცხადებაში იტყვის.

უფლებადამცველისვე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. 

იგი თვლის, რომ არის პოლიტიკური დევნილი და ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. დამატებით მის პოზიციას გაეცნობით მისი განცხადებიდან. ის ფიქრობს, რომ არის პოლიტიკური პატიმარი.  დღეს იქნება მისი განცხადება დღის ბოლომდე და მის პოზიციას გაიგებთ განცხადებიდან". - განუცხადა "პირველებს" ნათია თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, ექს-პრემიერი, რომელიც ციხიდან ალაპარაკებას აანონსებდა, დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრო - მედიასთან კომენტარი არ გააკეთა არც მისმა ადვოკატმა მიშა შაყულაშვილმა. 

  • ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. 

პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.

გამოძიების თანახმად, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.