ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ინტერპოლს ძებნა არც დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე გამოუცხადებია

26.08.26 17:21
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ინტერპოლს ძებნა არც დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე გამოუცხადებია

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ინტერპოლს ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან ერთად, ამ დრომდე ძებნა არ გამოუცხადებია დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეზეც. 

უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ დაიწყო ინტერპოლმა იმ პირების ძებნა, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით უვადო პატიმრობა მიესაჯათ. 

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ვინაიდან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი მტკიცებულებების გარეშე გამოიტანეს, ეს ინტერპოლსაც ესმის და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამიტომ არ დააკავეს დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე. 

დავით მიქაძის ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის ვარაუდით, ინტერპოლმა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ძებნა არ გამოაცხადა და რესურსები არ დახარჯა, მტკიცებულებების არარსებობის გამო. 

სასამართლომ თუ გამოიტანა განჩინება პირის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე, ან გამამტყუნებელი განაჩენი, ეს უკვე ხდება საფუძველი საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისა ინტერპოლის მიერ. დავით მიქაძესთან მიმართებით, როგორც კი მას პატიმრობა შეეფარდა და ეს განჩინება გამოვიდა, გამოძიებამ მაშინვე მიმართა მისი საერთაშორისო ძებნის მოთხოვნით ინტერპოლს. როგორც მოგეხსენებათ, დაკავებული არ არის, მე არ გამოვრიცხავ, რომ დაკავების პროცედურა იმიტომ არ განხოციელებულიყო, რომ ინტერპოლისთვისაც გასაგებია, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშეა გამოტანილი. 

მიმართვა გაკეთებული იყო პატიმრობის შეფარდებისთანავე, გამოძიებამ ეს გააკეთა, თუმცა დაკავების პროცედურა რატომ არ მოხდა, ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ შეფასებაშიც შესულიყო მტკიცებულებების არარსებობის გამო პროცედურები არ განხორციელებულიყო და საერთაშორისო ძებნისთვის რესურსებიც არ დაეხარჯა," -  ამბობს შორენა ნიქაბაძე. 

გიორგი ჯოხაძის უფლებადამცველის თქმით, მას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ადვოკატისთვის უცნობია. 

ლიკა ბითაძე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ინფორმაციით, გიორგი ჯოხაძე წითელი ცირკულარით იძებნება, თუმცა ეს მხოლოდ ბრალდების მხარის ინფორმაციაა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მე კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია. [იძებნება თუ არა წითელი ცირკულარით] ამის შესახებ ოფიციალური მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი და არ დევს, მაგრამ როგორც ინფორმაციის სახით ვფლობ, ბრალდების მხარის მხრიდან, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი გახლავთ გიორგი ჯოხაძე, ოღონდ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების მხარის ინფორმაცია. 

მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალები, ასევე მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, არათუ საქმის მასალები, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მის მიმართ არათუ ძებნა გამოცხადდეს, არამედ ეს გამამტყუნებელი განაჩენი თავიდან ბოლომდე ეფუძნება მტკიცებულებების გარეშე გამოტანილ აბსურდს, მხოლოდ და მხოლოდ ოპოერმუშაკი, რომიკო გოგიაშვილის პატაკს და ამის საფუძველზე უმძიმეს დანაშაულში დადგა განაჩენი გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ, რაც დაცვის მხარემ გავასაჩივრეთ და არა მარტო გავასაჩივრეთ და ეს გასაჩივრება მოივლის ყველა ინსტანციას  და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში, აუცილებლად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან მოცემული განაჩენი გახლავთ იმდენად არაკანონიერი და მტკიცებულებების გარეშე დადგენილი, რომ ეს განაჩენი სამაგალითოც კი არის," - ამბობს ლიკა ბითაძე. 

"პირველების" ინფორმაციით, ინტერპოლს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზე ძებნა ამ დრომდე არ გამოუცხადებია 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 
  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 
  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა; მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. 
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება. მას 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.