ირაკლი კობახიძის ყოფილი მრჩეველი, ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალი "ანტიანექსიური პლატფორმის" ერთ-ერთი დამფუძნებელია

27.08.26 13:38
ირაკლი კობახიძის ყოფილი მრჩეველი, ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალი "ანტიანექსიური პლატფორმის" ერთ-ერთი დამფუძნებელია

ახალი მოძრაობის - "ანტიანექსიური პლატფორმა" - არა ოკუპაციას! - ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური და ირაკლი კობახიძის ყოფილი მრჩეველი, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაა. 

"პირველების" კითხვაზე, რა რეაქცია ექნება ირაკლი კობახიძეს, როდესაც ამ მოძრაობაში დაინახავს, ვლადიმერ ჩაჩიბაია გვპასუხობს, რომ დიდი ხანია მას პარტიასთან და რომელიმე პირთან კომუნიკაცია არ ჰქონია - "არ ვიცი და შეიძლება არც მაინტერესებდეს იმიტომ, რომ ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა". 

ვლადიმერ ჩაჩიბაია აღნიშნავს, რომ მან ირაკლი კობახიძის მრჩევლის პოსტი დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი პოზიცია გაუქმდა.

ჩვენ ვხედავთ, რუსეთის მხრიდან ეტაპობრივად ხორციელდება, ოკუპაციის შემდგომ და აღიარების შემდგომ, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამიტომ, ჩვენ ამას შორიდან ვერ ვუყურებთ. ჩემი პირადი, როგორც ინდივიდის და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ამასთან დაკავშირებით მქონდეს ჩემი რეაქცია. 

დიდი ხანია კომუნიკაცია და ურთიერთობა არ მქონია პარტიასთან, არც რომელიმე პიროვნებასთან, ამიტომ მისი [ირაკლი კობახიძის], ან რომელიმე პიროვნების მხრისგან რა რეაგირება მოჰყვება ამ ჩემს ნაბიჯს, ეს ჩემი პირადი საქციელია, ჩემი პირადი ქმედებაა, ამიტომ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და შეიძლება არც მაინტერესებდეს იმიტომ, რომ ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე. 

ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია და ანექსიისკენ იდგმება ნაბიჯები, ამ ტერიტორიებისთვის ადამიანებმა სისხლი გაიღეს და ბევრი ოჯახია დღეს, ვისი ოჯახის წევრებიც ამ ტერიტორიებისთვის ბრძოლაში ვაჟკაცურად და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ამიტომ, მდუმარედ და ჩუმად, მიმდინარე პროცესს, ჩუმი ანექსიის პროცესს, როგორი გზაც აქვს არჩეული რუსეთის ფედერაციას, ტელევიზორიდან ვერ მივადევნებ თვალს. 

ერთი წლის წინ [დავტოვე ირაკლი კობახიძის მრჩეველის პოსტი]. გაუქმდა ჩემი პოზიცია, როგორც მრჩევლის. არ ვიცი, მიზეზი. კი, თავად გამიუქმეს. 

სივრცე ყოველთვის არის [რომ "ქართულმა ოცნებამ" ანტი-დასავლური პოლიტიკა შეცვალოს], საჭიროა ამისთვის ნაბიჯების გადადგმა, მოქმედებაა საჭირო. სივრცე ყოველთვის არსებობს, ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი არსებობს გარკვეული შესაძლებლობა სამოქმედო გეგმის მომზადების, ამას უბრალოდ სჭირდება კეთილი ნება," - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

მსგავსი სიახლეები