ექიმები ნოროვირუსის გავრცელების წყაროს დადგენის აუცილებლობაზე საუბრობენ
ბაღებში ბავშვების მასობრივი ინფიცირების მიზეზად ნოროვირუსის დასახელების შემდეგ მედიკოსები დამატებითი კვლევის აუცილებლობაზე საუბრობენ. მაია ბუწაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნოროვირუსი ძალიან მარტივად ვრცელდება და, მისი შეფასებით, საყურადღებოა, თუ რატომ არ დაფიქსირდა ინფექცია ბავშვების ოჯახის წევრებშიც.
20 ბაღში ერთი და იგივე დროს. იმ ბაღებში, სადაც ეს ბავშვები ერთმანეთთან კონტაქტში არ ყოფილან, ჩვეულებრივი, სტანდარტულად გავრცელებული ინფექცია ეს ვერ იქნებოდა. რაღაცა კუთხით, საკვებთან შეხების დროს ვიღაცა იყო ინფიცირებული და მან გაავრცელა ეს ინფექცია, მოხვდა საკვებში ვირუსი. რომელი საკვები დაინფიცირდა, იმიტომ, რომ სად არის ახლა ეს ინფიცირებული საკვები, კიდევ არის თუ არა რისკი, რომ სხვა ადამიანებმა მიიღონ და დაინფიცირდნენ. ეს არის სტანდარტი, რომ უნდა გამორიცხო ნოროვირუსი დიარეის დროს და ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში ხომ უნდა გაკეთებულიყო და ალბათ კიდეც, თუ გაკეთდა, მაშინ რატომ არ აღმოჩნდა იქ და თუ აღმოჩნდა, მაშინ ხშირად იყო ხოლმე ინტერვიუები ჰოსპიტლებიდან და არცერთხელ არ გაჟღერებულა, რომ ბავშვებს აღმოჩნდათ ნოროვირუსი. შეუძლებელია, რომ ბავშვს ჰქონდეს ნოროვირუსი და ოჯახის წევრების ნაწილს მაინც არ გადაედოს, იმიტომ, რომ ძალიან ადვილად ვრცელდება. ჯერჯერობით თითქოს ეს ჩვენ არ გვესმის, მაგრამ პარალელურად, ეს კვლევაც უნდა მიმდინარეობდეს, - ამბობს მაია ბუწაშვილი.
ექიმი ანა ქავთარაძე კი ამბობს, რომ სხვადასხვა ბაღში ბავშვების ერთსა და იმავე პერიოდში ინფიცირება საერთო წყაროზე, სავარაუდოდ, დაბინძურებულ საკვებზე მიუთითებს. მედიკოსების თქმით, ახლა მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორ მოხვდა ვირუსი საკვებში, კონკრეტულად რომელი პროდუქტი იყო დაბინძურებული და არსებობს თუ არა მისი კვლავ მოხმარების რისკი.
ინფიცირება ხდება დაბინძრებული საკვების ან წყლის მიღებით, რაიმე პროდუქტის მიღებით, რომელიც დაბინძურებული უნდა იყოს თუნდაც მცირე ნაწილაკით ადამიანის ფეკალიის ან ნაღებინების მასის ან კიდევ უნდა მოხდეს გადაცემა უშუალოდ ადმაიანიდან ადამიანზე. ამ ბავშვებმა დროის ერთ მონაკვეთში მიიღეს ერთდროულად დაბინძურებული საკვები და შემდგომ, რა თქმა უნდა, ინკუბაციური პერიოც ერთნაირი ჰქონდათ და დროის ერთი და იგივე მონაკვეთში მოხვდნენ უკვე სხვადასხვა ჰოსპიტალში.
საბოლოო დასკვნა ეპიდემიოლოგების მოკვლევასთან ერთად უნდა დადოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც აიღო ნიმუშები უშუალოდ პროდუქტების ბაღებში, - ამბობს ექიმი ანა ქავთარაძე.
საბავშვო ბაღებში გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იუწყება.
უწყების თანახმად, ლაბორატორიული კვლევები გრძელდება და საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.