"ქართულმა ოცნებამ" დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების პროცესი - უფლებადამცველი

23.09.26 11:30
"ქართულმა ოცნებამ" დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების პროცესი - უფლებადამცველი

 

გოგა კიკილაშვილის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე მოსამართლის პოზიციას სერგო მეთოფიშვილი დაიკავებს. მეთოფიშვილი ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია. საზოგადოებას მან თავი დაამახსოვრა ფაქტით, როდესაც ვეტინგის (მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმების) წინააღმდეგ გამოვიდა. მან ასევე უარი თქვა დეკლარაციის შემოწმებაზეც.

ამ დანიშვნებს კრიტიკულად აფასებენ უფლებადამცველები. სანდრო ბარამიძე გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში გადასვლას სასამართლოში გავლენების გაძლიერებას უკავშირებს და ამბობს, რომ ორივე მათგანი ე.წ. სასამართლო კლანთან მჭიდროდ ასოცირებული პირია. მისი შეფასებით, ამ საკადრო გადაწყვეტილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაზე ხელისუფლების კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ორი ძალიან კარგი, კვალიფიციური და პატიოსანი მოსამართლე ახლა უკვე ჩანაცვლდნენ კლანთან დაახლოებული პირებით, რომ არ ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მათგანი კლანის ლიდერია, ვგულისხმობ სერგო მეთოფიშვილს, რომელთანაც არაერთო ოდიოზური გადაწყვეტილებაა დაკავშირებული.

მეორე არის კიკილაშვილი, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილი. ერთგვარ მემკვიდრეობით, ნეპოტისტურ კავშირებთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ორივე მოსამართლე არის კლანთან ძალიან მჭიდროდ ასოცირებული პირი და შესაბამისად, ამ დანიშვნებით "ქართულმა ოცნებამ" უბრალოდ, დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების პროცესი. უმრავლესობა ისედაც მისი იყო, ახლა უკვე მთელი შემადგენლობა მისია, - ამბობს უფლებადამცველი სანდრო ბარამიძე. 

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა. ის გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.

გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის ვაჟია. 2023 წელს, მამის საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის პერიოდში, კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. მან ასევე მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ სარჩელს.

საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება: სამს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს პარლამენტი ირჩევს, სამს კი უზენაესი სასამართლო ნიშნავს.

 

მსგავსი სიახლეები