დაანარცხეს იატაკზე, სასტიკად სცემდნენ, ამბობს, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობდა შოთა ტრაპაიძეც - ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი
პატიმარ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და კიდევ 3 პატიმრის მიამრთ განხორციელებულ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც აკოფოვამ გადაცემა “ რეაქციაში“ განაცხადა, ჩაჩანიძემ გამოკითხვის დროს დეტალურად ისაუბრა, რის საფუძველზე გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში და შემდგომ იქიდან იძულებით მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მისი მისამართით სასტიკ მოპყრობას.
ჩაჩანიძე ამტკიცებს, რომ მის ცემაში მე-6 დაწესებულების დირექტორი, შოთა ტრაპაიძე უშუალოდ მონაწილეობდა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, ჩემი მიმართვის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება. მნიშნელოვანი დეტალია, რომ მხოლოდ ლაშას მიმართ არ დაწყებულა გამოძიება, არამედ ბევრი ადამიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზეა დაწყებული გამოძიება.
რაც შეეხება ამბავს - ლაშამ ტელევიზიით გაიგო, პატიმარ გიორგი დავითაძის შესახებ, შემდეგ გადაძახილის მეშვეობით გაარკვია ინფორმაცია, შემდეგ ჰკითხა დავითაძეს, ინფორმაცია, რომელიც ჯღერდებოდა, იყო თუ არა სიმართლე, რაც მან დაუდასტურა. ამის შემდეგ პატიმრებმა სოლიდარობა შეძახილებით გამოხატეს, რასაც მოჰყვა ბადრაგის რეაქციაც.
ახლა როგორ დაიწყო ეს პროესი - ლაშას დეესკალაციის ოთახში გასაყვანად როდესაც შევიდნენ, იყვნენ 7 პირამდე, მას მაჯაზე მოუწირეს ხელი და ამით დაიწყო პროვოცირებაც და ძალადობაც. გაიყვანეს დერეფნის საშუალებით დეესკალაციის ოთახში, სადაც გააჩერეს დაახლოებით 2 საათი და გამოსვლის დროს უთხრეს, რომ უნდა გადასულიყო მე-3 პენიტენციურში, საკუთარ საკანშიც არ შეუშვეს, რომ პირადი ნივთები აეღო და გვირაბის საშუალები მიჰყავდათ, რა დროსაც ხელით აწიეს ჰაერში და ძალის გამოყენებით მიჰყავდათ, შემდეგ დაანარცხეს იატაკზე. იქ იყო სპეცრაზმის 4 წარმომადგენელი, რომლებიც სასტიკად სცემდნენ ლაშას, ზეწოლას აკეთებდნენ თავზე, აგინებდნენ, უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ და ამ ყველაფერს, როგორც თვითონ განმარტავს, ესწრებოდა შოთა ტრაპაიძე, რომელიც არის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. შოთა ტრაპაიძე მხოლოდ წაქეზებით არ გამოირჩეოდა თავისი თანამშრომლების მიმართ, არამედ თვითონაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლაშას, შემდეგ მოხდა მისი გაყვანა ძალის გამოყენებით მანქანამდე და როგორც ლაშა აღწერს, ხაშურამდე, ბორკილები ედო ხელებზე ზურგს უკან, რაც დარღვევაა.
ამ დრომდე მისთვის არ მიუწოდებიათ პირადი ნივთები, მას არ აქვს ის ბარათი, რომლითაც შეძლებს გარკვეული პირადი ნივთების შეძენას, - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება დანარჩენ მსჯავრდებულებს - ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად გადაყვანილი იქნა კიდევ 3 პირი, რომლებზეც ასევე განხორციელდა ძალადობა.
ყველა მსჯავრებული, რომელსაც გაუსწორდნენ სასტიკად, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უცხადებდა სოლიდარობას გიორგი დავითაძეს. ლაშას აქვს ინფორმაცია, რომ ამ ოთხის გარდა, კიდევ 2 პირი გადაიყვანეს გურიაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ როდესაც შევედით ოთახში, სადაც მიმდინარეობდა გამოკითხვა, პარალელურად მიმდინარეობდა სხვა პატიმრების გამოკითხვაც, შესაბამისად, ვადასტურებ რომ მასთან ერთად გადმოყვანილ სხვა მსჯავრებულებთანაც მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი. დაიკითხა ყველა მათგანი და ჩაუტარდათ შესაბამისი ექსპერტიზა, - განაცხადა უფლებადამცველმა.
პატიმარი, რომელიც რუსთავის ციხიდან ბათუმის მესამე დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, ამტკიცებს, რომ 2 ოქტომბერს, რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში მას და კიდევ სამ პატიმარს ბადრაგებმა ხელკეტებით სცემეს.
ციხეთა სისტემა კი ირწმუნება, რომ ბადრაგები პატიმრებმა სცემეს, თუმცა კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე ერთ-ერთი მსჯავრდებული მშვიდად მიყვება დერეფანში ციხის თანამშრომლეს, საკნის კართან კონტროლიორი რაღაცას ეუბნება და ამის შემდეგ იწყება ხელჩართული ჩხუბი.